შესაძლებელია
იმისათვის, რომ შევძლოთ ქართული სოციალ-დემოკრატიული ტრადიციის ახალი სიცოცხლის სისტემური განვითარება საჭიროა სისტემური მიდგომაც. სწორედ იმის გამო, რაც წინა გვერდზე (საქართველო) წაიკითხეთ, თავადაც იცით და საკუთარ ტყავზეც გამოგიცდიათ, აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს, რომ ამ საქმეში / ბრძოლაში ჩვენ ბუნებრივ კონფლიქტში ვართ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტასთან, რომელსაც დამორჩილებული ან დატყვევებული ჰყავს კულტურა, განათლება, მედია, მეცნირება, პროფესიული კავშირები, სპორტი, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი და საზოგადოების კიდევ სხვადასხვა შრე, რომელიც თითქოს ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ავაშენოთ სრულიად ახალი პლატფორმა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს მრავალპროფილიან მოღვაწეობას, რათა შევძლოთ გაერთინება და სისტემასთან სისტემური ბრძოლა.
უკეთესი საქართველო შესაძლებელია გთავაზობთ მოდელს თუ როგორ უნდა შეიქმნას ასეთი პლატფორმა.
- ნებისმიერი გაერთიანება დგას ხალხზე, მის წევრებსა თუ მხარდამჭებზე, რომლებიც მზად არიან იმოქმედონ დასახული მიზნების მისაღწევად. პირველი ეტაპისთვის უკეთესი საქართველო შესაძელებლია ქმნის მძლავრ და ეფექტურ ციფრულ სამუშაო სივრცეს, სადაც ათასობით ადამიანს / მოხალისეს შეუძლია ჩაერთოს. იურისტი, ჟურნალისტი, მკვლევარი, თარჯიმანი, ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრატორი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი, რომელსაც თუნდაც კვირაში თავისუფალი საათი აქვს, შეუძლია მოხალისეობრივად ჩაერთოს უკეთესი საქართველოს მშენებლობაში.
ციფრული მენეჯმენტის პლატფორმა ASANA-ს მეშვეობით, შესაძლებელია სხვადასხვა პროფესიისა და კომპეტენციის ადამიანების თანამონაწილეობის მარტივი მენეჯმენტი. სქემა მარტივია - იქმნება მიმდინარე საქმეების ბაზა და მას სისტემაში მონაწილე წევრები / მოხალისეები ინაწილებენ შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში. შესაბამისად, ქვევით რასაც წაიკითხავთ იმის თანაშემოქმედი თითოეული თქვენგანიც შეიძლება იყოს.
- მედია - არჩიბალდ მეკეშის მოღვაწეობა ნათელი დასტურია, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პრობლემას და მის მოგვარების გზებსაც სოციალ-დემოკრატიული გზით ხედავს. ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ რომ მედია ვიყოთ? რამდენად მეტს გავაკეთებდით? კიდევ უფრო რამდენს მივაწვდენდით ხმას? რამდენი საკითხის აქტუალიზებას შევძლებდით? როცა ჩვენს წინააღმდეგ არის სამთავრობო, ოპოზიციური, და ენჯეო პროპაგანდაც, მედიის გარეშე არაფერი გამოვა. არსებული მედიების დიდ ბიუჯეტებს ის განაპირობებს, რომ მათ ტყუილი უნდა შემოგთავაზონ - შესაბამისად, სჭირდებათ უზარმაზარი რესურსი ხალხის ყურადღების მისაქცევად, ლოიალურობისა და კეთილგანწყობის მისაღწევად.
როდესაც სიმართლე და ხალხის სათქმელი სრულიად იგნორირებულია ყველა არსებულ მედიაში, რამდენიმე სრულგანაკვეთზე დასაქმებული ჟურნალისტითაც შესაძლებელია მძლავრი მედიის აწყობა. ჩვენ ერთად შევქმნით პირველ სახალხო ონლაინ მედიას, რომელის ზრდაზეც ყველა ერთად ვიმუშავებთ.
- იურიდიული დახმარების ხაზი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების დასაარსებლად - შრომითი უფლებები და პროფკავშირული ბრძოლა უკეთესი ანაზღაურებისა და პირობებისთვის უდიდესს გამოწვევად რჩება ქვეყანაში. ხალხს უჭირს იპოვოს ელემენტარული დახმარებაც კი, რომელიც მათ ამ ბრძოლაში დაეხმარება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური გაერთინება ისევ ოკუპირებულია კორპორატიული და ოლიგარქიული სისტემის მიერ. ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ მასზე ზეწოლას რეფორმისა და ცვლილებებისთვის, მაგრამ დრო არ იცდის და ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები სჭირდებათ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხალხს არ აქვს ცოდნა და ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაარსოს პროფსიული კავშირი და შემდგომში წამოიწყოს კანონიერი დავა / გაფიცვა დამსაქმებელთან. ჩვენს სისტემაში ჩართული მოხალისე იურისტების საშუალებით, მოქალაქეები შეძლებენ დაგვიკავშირდნენ ასეთი იურიდიული კონსულტაციის მიღებისთვის, ჩვენ კი, მათ პროფესიონალებთან დავაკავშირებთ, რომლებიც პროცესის ყველა ეტაპის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. საკუთარი მედიითა და სხვადასხვა პლატფორმებით კი, ჩვენ თქვენს საინფორმაციო დახმარებას ვუზრუნველყობთ.
- პროგრესული ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრი - საქართველოს ნეოლიბერალური პოლიტიკური კლასის მსგავსად, ქართული ბიზნეს სექტორიც სრულად ნეოლიბერალური შინაარსისაა. 70-იანი წლების “მოგების მაქსიმიზაცია ყველაფრის ფასად” თანამედროვე სამყაროში დიდი ხნის წინ აღიარებულია, როგორც ფიასკო, რომელმაც განვითარებული ქვეყნებიც კატასტროფამდე მიიყვანა. ახალგაზრდა მეწარმეები ან სტუდენტები ხშირად თანამედროვე ბიზნეს მიდგომებისა და მოდელების შესახებ ინფორმაციასაც არ ფლობენ, რადგან შესაბამისი უნივერსიტეტებიც მხოლოდ ლიბერალურ პროპაგანდაზე დგას. პროგრესული ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრი გახლავთ ჩვენი ახალი ეკონომიკური სკოლაც და ბიზნეს იდეების განხორციელების ცენტრიც. განათლების გავრცელება, სოციალური და სხვადასხვა პროგრესული ბიზნეს იდეების ტექნიკური / საინფორმაციო მხარდაჭერა, დაფინანსების მოპოვებისთვის პროექტების გამართვა, სახელმწიფო ფონდებისა და ინსტიტუტების სამოქალაქო კონტროლი დაფინანსებების სწორი მოდელებისკენ მიმართვაზე, სხვა კანონიერი და სამართლიანი გზებით დაფინანსებების მოპოვება პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც სასიკეთო ქვეყნის ეკონომიკისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
-კულტურის განათლებისა და მეცნიერების ცენტრი - ჩვენი ცხოვრება მარტო ეკონომიკისგან და შრომისგან არ შედგება. მეტიც, იმიასთვის რომ ვიშრომოთ, ვიცხოვროთ კეთილდღეობაში და შევქმნათ უკეთესი საზოგადოება გვჭირდება კულტურა და განათლება. ან ასეც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ - ვშრომობთ და ვქმნით კეთილდღეობას, რათა შექმნათ კულტურა, მეცნიერება და ცოდნა. ოლიგარქიულ პოლიტიკურ კლასსა და ბიზნესს თითქმის მთლიანად ჰყავს დამორჩილებული კულტურა, მეცნიერება და განათლება. მათი პრიორიტეტი მხოლოდ ღამის კლუბებისა და კაბარეს კულტურის განვითარებაა. ამიტომ ჩვენ თავად, ხალხმა უნდა შევქმნათ პირველი სახალხო კულტურისა, განათლებისა და მეცნიერების ცენტრი, რომელსაც ექნება იმის მასშტაბი, რომ არამარტო საკუთარ აუდიტორიას მიაწოდოს ცოდნა, განათლება, ხელოვნება, არამედ, გახდეს ახალი ლოკომოტივი ჩვენი საზოგადოების ყველა შრის ცნობიერი განვითარებისთვის.