რა არის ნეოლიბერალიზმი და როგორ უნდა დავაღწიოთ მას თავი?
ნეოლიბერალიზმის წარმოშობა და ისტორია
ნეოლიბერალიზმი, როგორც ეკონომიკური დოქტრინა, სცილდება მხოლოდ ეკონომიკას — ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ფორმირებას კაპიტალის სასარგებლოდ მშრომელთა ინტერესების ხარჯზე, სახელმწიფოსა და დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად ბაზრის ინტერესების სასარგებლოდ. მისი ფესვები მეოცე საუკუნის შუა პერიოდშია, როდესაც ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ ფრიდრიხ ჰაიეკი და ლუდვიგ ფონ მიზესი, სოციალიზმისა და კეთილდღეობის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქვეყნებს მოუწოდებნენ ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევა მინიმუმამდე დაეყვანათ და ინდივიდუალური ეკონომიკური თავისუფლება მაქსიმალურად გაეზარდათ. თუმცა, ნეოლიბერალიზმმა ინსტიტუციური და პოლიტიკური დომინირება 1970-იან წლებამდე ვერ მოიპოვა. 1973 წელს ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რომელიც მხარდაჭერილი იყო აშშ-სა და მისი სპეცსამსახურების მიერ. გადატრიელების მიზანი ჩილეს ნეოლიბერალიზმის პირველ ლაბორატორიად გადაქცევა იყო. ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე სისხლიანმა დიქტატორმა პინოჩეტმა, შექმნა ნეოლიბერალიზმის ბასტიონი მსოფლიოში - მასიური პრივატიზაცია და დერეგულაცია პინოჩეტის ეპოქის მთავარი მახასიათებლებია.მას შემდეგ კი, ნეოლიებრალიზმი უკვე ბრიტანეთსა და აშშ-შიც სრული ძალით გამოჩნდა. მარგარეტ ტეტჩერი და რონალდ რეიგანი პირველები არიან მათ შორის, ვინც დასავლურ ქვეყნებში ნეოლიბერალური გარდაქმნა დაიწყეს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ ჰარვი აღნიშნავს
„ნეოლიბერალიზმი არის კლასობრივი პროექტი, რომელიც ცდილობს თავი უბრალო ეკონომიკურ პოლიტიკად წარმოაჩინოს. ეს არის პროექტი, რომლის წყალობითაც მაქსიმალურად აღადგინეს ეკონომიკური ელიტების ძალაუფლება და მათი კონტროლი სიმდიდრესა და რესურსებზე"
1980-იანი წლების ბოლოსკენ ნეოლიბერალიზმი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და გახდა დომინანტური ეკონომიკური წყობა, განსაკუთრებით ისეთი ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი, რომლებიც გლობალური სამხრეთის ქვეყნებს დაფინანსებას მხოლოდ ნეოლიბერალური რეფორმების მიღების პირობით აძლევდნენ. ამერიკაში რეიგანის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც მოიცავდა გადასახადების შემცირებას (ძირითადად დიდი ბიზნესის სასარგებლოდ), დერეგულაციას (შრომითი კანონების გაუქმება, სახელმწიფო კონტროლის მაქსიმალური შეზღუდვა შრომის ბაზარსა და ეკონომიკაში) და პროფკავშირების დაშლას, ნეოლიბერალიზმის ტალღა გააჩაღა. ეს იდეოლოგია ევროპაშიც გავრცელდა, სადაც მარგარეტ ტეტჩერიც იგივე შემართებით ახორციელებდა პრივატიზაციას და შრომითი უფლებების შეზღუდვას.თუმცა, ევროპაში არსებულმა ათწლეულებში დამკვიდრებულმა საჯარო სტრუქტურებმა მარგარეტ ტეტჩერსაც გაუძლეს - NHS ბრიტნეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაცია მარგარეტ ტეტჩერმაც ვერ შეძლო, რადგან ეს პოლიტიკურ სუიციდს ნიშნავდა. თუმცა, ის მუდმივად ცდილობდა დაფინანსების შემცირებას. ამიტომ ევროპაში ნეოლიბერალური ეკონომიკის ჩავარდნები მტკივნეული იყო, მაგრამ ისეთი არა, როგორიც აშშ-ში ან სხვაგან, სადაც ძლიერი სოციალური ქოლგის სისტემები არ არსებობს.
1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ნეოლიბერალური პრინციპები ევროკავშირის ეკონომიკურ მართვაში ჩართო. ეკონომისტი სიუზან ჯორჯი დოკუმენტს ასე აფასებს:
„ნეოლიბერალიზმმა სისტემატურად დაშალა ომისშემდგომი კონსენსუსი - ცალსახად კაპიტალის სასარგებლოდ და მშრომელთა საწინააღმდეგოდ. ევროკავშირი ახლა წარმოადგენს ბაზრის ფუნდამენტალიზმის მანქანას, რომელიც მთავრობებს კორპორატიული ინტერესების მსახურად აქცევს.“
ნეოლიბერალიზმის გლობალური ჰეგემონია და პოსტსაბჭოთა სივრცე
საბჭოთა კავშირის დაშლა 1991 წელს ნეოლიბერალიზმის გაფართოებისთვის კრიტიკულ მომენტად იქცა. ასევე ყველაფერი მიუთითებს, რომ თავად ამ მანქანამ ბევრი იმუშავა ასეთი მომენტის რეალურად დადგომისთვის, თუმცა ეს სხვა სტატიის ცალკე თემაა, ამიტომ გავაგრძელოთ. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, მათმა ახალმა დასავლელმა პარტნიორებმა, კაპიტალიზმისკენ ძალიან სწრაფი გარდაქმნა მოსთხოვეს, რითაც ეს ქვეყნები ნეოლიებრალური "შოკური თერაპიის" ლაბორატორიებად გადაიქცნენ. ამ პროცესის იდეოლოგიური მამა მილტონ ფრიდმანი იყო (ეკონომისტი, რომელიც პინოჩეტისა და ყველა სხვა ნეოლიბერალი პოლიტიკოსის მრჩეველი / კუმირი ბრძანდებოდა), კონკრეტული ეკონომიკური სტრატეგიების შემქმნელებს შორისაა ჯეფრი ზაქსი და სხვა ამერიკელი ეკონომისტები. "შოკური თერაპია" მოიცვდა ფასების კონტროლის მოხსნას, სახელმწიფო საკუთრების მასიურ პრივატიზაციას, სოციალური და კეთილდღეობის სტრუქტურების დაშლას. საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური არეულობა, უთანასწორობა და ოლიგარქების აღზევება, რომლებმაც სახელმწიფო აქტივები დაისაკუთრეს, ნეოლიბერალური რეფორმების შედეგი იყო. როგორც ვოლოდიმირ არტიუხი აღნიშნავს:
„შოკური თერაპია არა მხოლოდ ეკონომიკური სტრუქტურების შეცვლას მოიცავდა, არამედ საზოგადოების გარდაქმნას, მშრომელთა ატომიზაციას და ნებისმიერი კოლექტიური ძალის დაშლას, რომელიც კაპიტალს დაუპირისპირდებოდა.“
.
ათწლეულებში ნეოლიბერალიზმის ბოროტება ყველამ დაინახა და აღარ დარჩა არგუმენტი, სტატისტიკა, რომელიც მას გაამართლებს. ახლა ის გადარჩენისთვის იბრძვის - საკუთარი თავის გამართლებისთვის. ამისათვის კი, საზოგადოების პოლარიზაცია და რადიკალიზაციაა საჭირო, რითაც ნეოლიბერალური ცენტრი დომინაციის გახანგრძლივებას ცდილობს.
ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ მან წარმოშვა კულტურულად რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობები, რომლებსაც ის საკუთარი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად იყენებს. მემარცხენე ფლანგზე, ნეოლიბერალიზმმა შექმნა იდეოლოგიური ჩარჩო, რომელიც დაფუძნებულია იდენტობის პოლიტიკასა და გენდერულ იდეოლოგიაზე — მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ასეთი მოძრაობები სისტემურ წინააღმდეგობაში უნდა იყვნენ ჩართული, პრაქტიკამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ისინი ეკონომიკური და კოლონიალური კრიტიკისგან დაცლილები არიან ან იდენტობის საკითხებს ყოველთვის უფრო წინ დააყენებენ, ვიდრე სოციალურ-ეკონომიკურს ან / და სახელმწიფოებრივს, შედაგად კი, ასეთი რამე მივიღეთ - ნეოლიბერალიზმმა მოსახლეობის უმცირესობათა ბრძოლები / უფლებები საკუთარ ინტერესებს შეუერთა. მათი მეშვეობით ანტისოციალური პოლიტეკონომიის ადამიანის უფლებათა დამცველად გასაღება ხდება. შედეგად, თითქოს ხდება ერთი მცირე ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობების გაუმჯობესება, მაგრამ მთლიანი მოსახლეობა, ყველა ერთად, ისევ უთანასწორო სისტემაში რჩება. ხალხის ინტერესების პოლიტიკური დღისწესრიგიდან გაქრობა, ანტისოციალური მედია, ნეოლიბერალური კულტურული პროექტის ქრონიკული პროპაგანდა წარმოშობს და აძლიერებს ახალი ტიპის რადიკალიზმს მემარჯვენე ფლანგზე. როგორც ფილოსოფოსი ნენსი ფრეიზერი წერს:
„ნეოლიბერალიზმმა ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა. ისინი დეპოლიტიზირებულ, მხოლოდ აღიარებისთვის მებრძოლ ჯგუფებად გადააქცია, რითაც მოახერხა და დარჩრდილა ის სტრუქტურული ეკონომიკური უთანასწორობები, რაც ყველა ტიპის ჩაგვრის მთავარი საფუძველია"
მემარჯვენე მიმართულებით, სადაც ასეთი ეკონომიკისადმი ბუნებრივი წინააღმდეგობა ისედაც ნაკლებია, ნეოლიბერალიზმმა გამოიწვია რეაქციული მოძრაობების აღმასვლა, რომლებიც გლობალიზებული ბაზრებისა და მულტიკულტურული შიშების შედეგად გაჩნდა. ეს მოძრაობები ნაციონალიზმს, ანტი-მიგრაციულ პოლიტიკას და ტრადიციულ ღირებულებებს უჭერენ მხარს. თუმცა, ისინი ნეოლიბერალიზმის ეკონომიკურ სტრუქტურას არ ან ნაკლებად ეწინააღმდეგებიან. ისინი კულტურულ კონფლიქტებს იყენებენ ყურადღების გადასატანად. მაგ. ამერიკული მემარჯვენე-კონსერვატიული ძალები, მსგავსად ევროპულისა, მუდმივად აკრიტიკებენ მზარდ მიგრაციას, მაგრამ არასდროს მიუთითებენ ამ მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე - ომები, ეკონომიკური კოლონიზაცია ქმნის სამყაროს, სადაც სხვადასხვა ტიპის არეულობასა და სტაგნაციაში მოხვედრილი ხალხი მასიურ მიგრაციას იწყებს. აკრიტიკებენ ქართველს, რომელიც აშშ-ში სამუშაოდ მიდის, მაგრამ არასდროს მიუთითებენ, რომ ეს მეტწინალად ისევ ამერიკული ეკონომიკური კოლონიზაციისა და ამერიკულ-ქართული ბანკების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. წარმოიდგინეთ ეს ქრონიკულ ომებში გახვეულ რეგიონებზე, რომელთა ბუნებრივ რესურსებს ძირითადად ისევ ის დასავლური კომპანიები ფლობენ, სადაც შემდგომ ამ სოციალურ კატასტროფას გაქცეული ხალხი ემიგრაციას ცდილობს.
როგორც პროფესორი მარკ ბლაითი წერს:
„ნეოლიბერალიზმმა შექმნა დეპოლიტიზაციის პოლიტიკა მარცხნივ და რადიკალიზაცია მარჯვნივ, რაც უზრუნველყოფს, რომ ვერცერთი მხარე სრული ძალით ვერ ეწინააღმდეგება მის ეკონომიკურ ჰეგემონიას.“
ნეოლიბერალიზმის შენარჩუნება / გავრცელება ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების გამოყენებით
ნეოლიბერალიზმი იყენებს ადამიანის უფლებების დისკურსს და გლობალურ კონფლიქტებს, რათა საკუთარი ჰეგემონიის შენარჩუნება უზრუნველყოს. ასეთი იყო, მაგალითად, სამხედრო ინტერვენციები ერაყსა და ლიბიაში, რომლებიც წარმოადგენდნენ დემოკრატიის გავრცელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით ჩატარებულ ომებს, თუმცა რეალურად, ეს ქმედებები მიმართული იყო ნეოლიბერალური წესრიგის გაფართოვებისა და რესურსებზე კონტროლის მოსაპოვებლად.
დევიდ ჰარვი აღნიშნავს, რომ ნეოლიბერალიზმის „ადამიანის უფლებების დაცვის“ რიტორიკა ხშირად არის:
„ნიღაბი, რომელიც ცდილობს დამალოს გეოპოლიტიკურ იდა ეკონომიკური ინტერესები."
ეს "ნიღაბი" ვრცელდება გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებზეც, რომლებიც „კარგი მმართველობის“ და „ადამიანის უფლებების“ დაცვის სახელით ნეოლიბერალურ რეფორმებს ახორციელებენ მთელ მსოფლიოში. რეალურად კი, ეს რეფორმები სახელმწიფო სტრუქტურების დემონტაჟს იწვევს და ქვეყნებს კორპორატიული ექსპლუატაციის წინაშე შიშველს ტოვებს.
ნეოლიბერალიზმის დასასრული და პროგრესული ეკონომიკისკენ გზა
2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა გამოავლინა ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგობები და ჩავარდნები. COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა ამ ეკონომიკური მოდელის არაეფექტურობა, რადგან ნეოლიბერალურ მთავრობებსაც მოუწიათ ბაზარზე ტოტალური ჩარევა ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.
დღესდღეობით, სულ უფრო მეტი ეკონომისტი და ექსპერტი საუბრობს პროგრესული ეკონომიკური მოდელისკენ გადამწყობ ნაბიჯებზე. მარიანა მაზუკატო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრესივისტია ეკონომიკასა და ინოვაციებში, რომელიც ასეთ რამეს ამბობს
„სახელმწიფო არ უნდა იყოს მხოლოდ ბაზრის ჩავარდნის შემსწორებელი, ის უნდა იყოს აქტიური მოთამაშე, რომელიც ახალ ბაზრებს ქმნის და საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული ინოვაციების მხარდაჭერას ახორციელებს“
პროგრესული ეკონომიკა გვთავაზობს მოდელს, რომელიც მოიცავს უნივერსალურ ჯანდაცვას, ყველსათვის ხელმისაწვდომ განათლებას, მწვანე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს და დოვთალის გადანაწილებას სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკების მეშვეობით. ნეოლიბერალიზმის დასასრულისკენ კი, ხალხს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ რა არის ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადობისთვის საჭირო. სტატიაში პროგრესული ეკონომიკის შესახებ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ პროგრესივიზმს ეკონომიკაში.