ჩუნცინის მოდელი

ჩუნცინის მოდელი, რომელიც 2000-იან წლებში ჩამოყალიბდა, წარმოადგენს მმართველობისა და ეკონომიკური განვითარების უნიკალურ ექსპერიმენტს ჩინეთის რეფორმების ფართო კონტექსტში. ის ხშირად განიხილება როგორც კონტრსტრატეგია ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა გუანჯოუ, რომელიც ბაზარზე ორიენტირებულ და ექსპორტზე დაფუძნებულ პოლიტიკას იყენებდა, ჩუნცინის მოდელი ემყარება სახელმწიფო მმართველობას, სოციალურ სამართლიანობასა და სიღარიბის შემცირებაზე ორიენტირებულ პოლიტიკებს. მოდელი განსაკუთრებულად საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ინტერვენცია ჰარმონიულად იყოს შერწყმული ბაზრის პრინციპებთან, განსაკუთრებით ისეთ გლობალურ კონტექსტში, სადაც უთანასწორობა და გარემოსდაცვითი გამოწვევები უფრო მწვავე პრობლემებად იჩენს თავს.

ჩუნცინის მოდელი ემყარება შერეული ეკონომიკის ტრადიციებს, მათ შორის სახელმწიფო მმართველობისა და კეინზიანური ეკონომიკის პრინციპებს, რომელთა ინტერპრეტაცია ჩინეთის უნიკალური “სოციალისტური ბაზრის” კონტექსტში მოხდა. მოდელის მიზანი დაბალანსებული ეკონომიკური განვითარებაა სახელმწიფო საწარმოების მიერ შექმნილი დოვლათის გამოყენებით სოციალურ პროგრამებში და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებით. ჩუნცინის მოდელი სრულ თანხვედრაშია მრავალი ეკონომისტის ხედვასთან კეინზიდან შტიგლიცამდე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სახლმწიფოს პირდაპირი მონაწილეობა ეკონომიკაში და საჯარო ინვესტეიციების საზოგადოებრივ სიკეთეებში ხელს უწყობს თანაბარ ზრდას, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბაზარს ჩავარდნები აქვს.

სახელმწიფო საწარმოებიდან მიღებული შემოსავლებით რეგიონში არაერთი მასშტაბური სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საცხოვრისის პროგრამაა, რომლის წყალობით სახელმწიფომ მილიონობით მოქალაქისთვის ბინის მიწოდება დაბალ ფასად შეძლო. უკვე 2010 წლისთვის, ჩუნცინში 30 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი აშენდა, რაც მილიონობით დაბალ და საშუალოშემოსავლიან მაცხოვრებელს სახლით უზრუნველყოფს. ამ პოლიტიკამ არა მხოლოდ გააუმჯობესა ცხოვრების ხარისხი, არამედ სტიმული მისცა ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების განვითარებით. საცხოვრებელი პროგრამა მოდელის კრიტიკული ასპექტია: სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საზოგადოებრივი ინვესტიციების გამოყენება, რაც ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც ქმნის.

ჩუნცინის მოდელის ფარგლებში ასევე მოხდა მიწის რეფორმის ახლებური ხედვის განხორციელებაც, რომელმაც სასოფლო და ურბანულ ეკონომიკებს შორის ხიდის ფუნქციაც შეასრულა. ჩინეთის ბევრი რეგიონისგან განსხვავებით, სადაც მიწის სრულად პრივატიზაცია ან ექსპროპრიაცია მოხდა, ჩუნცინმა სოფლის მოსახლეობას უფლება მისცა შეენარჩუნებინათ კოლექტიური საკუთრებით უფლება მიწაზე, ამავდროულად კი დაინერგა მიწის გაქირავებისა და კონსოლიდაციის მექანიზმებიც. ამ მიდგომის წყალობით, ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ სარგებელი მიეღოთ ურბანიზაციის პროცესიდან მიწის უფლებების დაკარგვის გარეშე.

სახელმწიფო საწარმოების მოგების რეინვესტირება საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში ყველა დონეზე წარმატებით განხორციელდა. ქალაქმა მასშტაბური პროექტები წამოიწყო რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციისა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების მიზნით. მათ შორის წარმატებული პროტექტებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის მშენებლობა მეტროს ახალი ხაზებისა და ავტობუსების სისტემის სახით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა გადაადგილების / გადაზიდვების დრო და გაზარდა ხელმისაწვდომობა მშრომელთათვის. ყველა ასეთი მასშტაბური საზოგადოებრივი პროექტი ჩუნცინში სახელმწიფო საწარმოების შემოსავლებიდან დაფინანსდა, რაც განსხვავებული მიდგომაა უცხოურ კაპიტალზე / ინვესტიციებზე დამოკიდებული ეკონომიკური ხედვებისგან.

დოვლათის გადანაწილების ასეთი პრინციპებით ჩინეთის ამ რეგიონში სოციალური სამართლიანობის თვალსაჩინო პროგრესი იქნა მიღწეული თითქმის ყველა დონეზე. სახელმწიფო საწარმოების მიერ აკუმულირებული კაპიტალი საზოგადოებრივ სერვისებში, მათ შორის განათლებასა და ჯანდაცვაში იხარჯება, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებლის ფართოდ გადანაწილებას. მაგ. ჯანდაცვის რეფორმით, ჩუნცინმა მკვეთრად გაზარდა ხელმწისაწვდომობა და შეამცირა დაბალშემოსავლიანი ოჯახების ფინანსური ტვირთი.

გარემოსდაცვითი მდგრადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ჩუნცინის მოდელში. ჩინეთის ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული მძიმე გარემოსცადვითი პრობლემების საპასუხოდ, ჩუნცინმა მწვანე ურბანული დაგეგმარების ინიციატივები განახორციელა, მათ შორის საზოგადოებრივი პარკებისა და მწვანე ზოლების შექმნით. გარდა ამის, ქალაქი მუდმივად გამოყოფს ინვესტიციებს განახლებადი პროექტებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია გარემოსდაცვითი კატასტროფის გარეშე.

ჩუნცინი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შერეული ეკონომიკური მოდელების წარმატებისა, როგორც ინდივიდუალური მოქალაქისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისთვის.

Next
Next

ჩინეთის ახალი მემარცხენე მოძრაობა - ცუი ჟიუანი