საქართველო და რუსეთი

რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება: 

საქართველოს უპირველესი მიზანია გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან, რომელიც ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. რუსული ოკუპაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ათწლეულებია გრძელდება და მას დროსთან ერთად უფრო მძიმე და სავალალო შედეგები მოჰყვება საქართველოსთვის. ის მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სოციალურ სტაბილურობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, საკუთარ ქვეყანაშივე დევნილად არის ქცეული და საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს.  ოკუპაციის შედეგად, საქართველოს მთავრობას არ შეუძლია სრულად მართოს საკუთარი ტერიტორიები და უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება. ეს პრობლემა ასევე ხელს უშლის საერთაშორისო ურთიერთობებსა და პარტნიორობას, რაც საქართველოში ეკონომიკური აქტივობების ნაკლებობას იწვევს და ცუდად აისახება საერთო განვითარებაზე.

კრემლის სწრაფადცვალებადი პოლიტიკა თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში.

ბოლო პერიოდში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების, მათ შორის მარია ზახაროვას და რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებები საქართველოს მიმართ, მიუთითებს გარკვეული დამოკიდებულების შეცვლაზე. თუმცა, ჩვენი პოზიცია მკაფიო და პრინციპული უნდა იყოს: თუ რუსეთს სურს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მან უნდა დააფიქსიროს მკვეთრი და ღია პოზიცია, რომ არ შეუშლის ხელს საქართველოს პირდაპირ დიალოგს სეპარატისტულ რეგიონებთან. ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების პოტენციური გადახედვა კი, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი მზად იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან გაწვევაზე, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე.

საქართველოს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია და რუსეთის ფაქტორი

საქართველოში არსებული ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია წარმოადგენს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზას. ამჟამად, ქვეყნის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული და ამერიკული კომპანიების მფლობელობაშია, რაც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენებას. რუსეთის ფედერაციამ არ უნდა შეუშალოს ამ პროცესს ხელი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თავად პრივატიზაცია სავარაუდო კანონდარღვევებით განხორციელდა. პრივატიზაციის შემდეგაც ამ კომპანიებს მრავალი დარღვევა დაუგროვდათ, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით. საქართველოს სურს უზრუნველყოს თავისი ბუნებრივი რესურსების მართვა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, და ამ პროცესის გამო რუსეთის ფედერაციამ საქართველოში მორიგი დესტაბილიზაციის შექმნა არ უნდა მოინდომოს.

ბრიქსი, რუსეთი და გლობალური სამხრეთი: საქართველოს სტრატეგია

საქართველოს სტრატეგია გულისხმობს ბრიქსის და გლობალური სამხრეთის დეკოლონიალური ნარატივების გამოყენებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად წაახალისოს საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკური განვითარება. თუ რუსეთს სურს იყოს გლობალური დეკოლონიალური პროცესების ნაწილი, მაშინ მან უნდა შეწყვიტოს იმპერიალისტური ეკონომიკური და სამხედრო პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც წარმოადგენს დეკოლონიალიზაციის ძირითად პრინციპს. საქართველოს მიზანია დაამყაროს პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და დამოუკიდებლობის დაცვაზე, და ამ გზით გააძლიეროს თავისი პოზიციები როგორც რეგიონალურ, ისე გლობალური დონეზე.

ჩვენი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და სტაბილურუბაა რეგიონში.

Previous
Previous

ჩინეთი და საქართველო

Next
Next

სპორტი