საქართველო და ჩინეთი

ჩინეთი არის მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური პარტნიორის, ძალიან გაზრდილია. საქართველო, როგორც კავკასიის რეგიონში არსებული ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მულტილატერალური სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და მისგან მიღებულ ეკონომიკურ ზრდას. ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობამ უნდა მოიცვას მრავალი სექტორი: ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, მეცნიერება, განახლებადი ენერგიები, განათლება და სხვა.  სახელმწიფომ უნდა შექმნას თანამშრომლობის სწორი ჩარჩო და სტრატეგია, რომელიც ჩინური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, მაგრამ იგივე ჩარჩო / სტრატეგიის მიხედვით ეს ინვესტიციები ქართველი ხალხის ინტერესებში და სახელმწიფოებრივ მიზნებთან თანხვედრაშიც იქნება. გაკვეთილი, რომელიც ბოლო 30წლიანი ნეოლიბერალური გამოცდილებიდან ვისწავლეთ არის ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს სოციალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის გვჭირდება - და არა მხოლოდ ინვესტორებისთვის იაფი მუშახელისა თუ რესურსების ხელში ჩაგდების ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა.

ახალი სავაჭრო დერეფნები და ანაკლიის პორტის მნიშვნელობა

ჩინეთის ერთიანი სავაჭრო ინიციატივა “ერთი გზა, ერთი სარტყელი” მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს რეგიონალურ და გლობალურ სატრანსპორტო ქსელში. საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ ჰაბს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. კავკასიური განზომილება, ისევ მნიშვნელოვანი და რაც მთავარია მომგებიანიც გახდა.

ამ პროცესში ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვას და საერთაშორისო სავაჭრო დერეფნის გაძლიერებას. ეს პორტი გახდება ცენტრალური კვანძი ჩინეთისთვის, რათა მისი საქონელი სწრაფად და ეფექტურად გაიტანოს ევროპის ბაზრებზე, საქართველოსთვის კი დამატებითი შემოსავალი, ინფრასტრუქტურის განვითარება და ეროვნული წარმოების ექსპორტისთვის ამ სავაჭრო გზებისა და უპირატესობების გამოყენება.

გლობალური სამხრეთის გამოღვიძება და BRICS-ის კონტექსტი

გლობალური სამხრეთის, განსაკუთრებით BRICS-ის ქვეყნების, გაძლიერება ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რათა გააძლიეროს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციები. ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობები იძლევა საშუალებას საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებზე. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში და გააძლიეროს თავისი როლი გლობალურ არენაზე. ამასთან, გლობალური სამხრეთის ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოს ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების დეკოლონიზაცია.

ჩინური ეკონომიკური ინტერესები და რუსული ოკუპაციის კონტექსტი

ჩინური ეკონომიკური ინტერესები საქართველოში შეიძლება პოზიტიურად აისახოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ჩინეთი, როგორც გლობალური ეკონომიკური ძალა, შესაძლოა უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიალური საკითხების დარეგულირებაში და მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები ზრდის ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას.

სტრატეგია და რისკების მართვა

ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიაში მნიშვნელოვანია ორიენტირება, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე რისკების მართვაზე, რომელიც ხშირად მოყვება ჩინურ კაპიტალს. საქართველოს უნდა შეიმუშაოს მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სუვერენიტეტის და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას. ამასთანავე, აუცილებელია სხვადასხვა სექტორში ადგილობრივი ბიზნესების და ინვესტიციების მხარდაჭერა, რათა თავიდან ავიცილოთ ჩინური კაპიტალის დომინაცია და უზრუნველვყოთ საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ეროვნული წარმოების მუდმივი გაძლიერების გზით.

Previous
Previous

კულტურა

Next
Next

საქართველო და რუსეთი