საქართველო და ნატო
გლობალური პოლიტიკის ცვალებად და სახიფათო გარემოში, „უკეთესი საქართველო შესაძლებელია” ხედავს ნატოსთან რეფორმირებული და გულწრფელი პარტნიორობის აუცილებლობას. ჩვენი ხედვა სცილდება ცივი ომის ეპოქის ალიანსების კონცეფციას და მიზნად ისახავს თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას რეგიონალური და გლობალური მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვემხრობით საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას, მაგრამ ამან რეალურ პოლიტიკაში საფრთხე არ უნდა შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს. სრულად ვაცნობიერებთ, რომ წევრობა დამოკიდებულია ჩვენგან დამოუკიდებელ ფაქტორებსა და სხვადასხვა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთთან ურთიერთობაზე. ამიტომ, ჩვენ მივყვებით სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმას და ამავდროულად ვიმედოვნებთ შესაძლებლობის ისეთი ფანჯარის გაჩენას მომავალში, რომელიც ჩვენს ნატოში გაწევრიანებას უსაფრთხო გზით შესაძლებელს გახდის.

სუვერენიტეტისა და თანამშრომლობის პატივისცემა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნულ სუვერენიტეტის პატივისცემა ნებისმიერ პარტნიორობაში, მათ შორის ნატოსთან. ასევე, მნიშვნელოვანია ნატოს მხრიდან ჯეროვნად დაფასდეს საქართველოს წვლილი ალიანსის საერთაშორისო ოპერაციებში.

გლობალური დინამიკა 2024 წელს: უახლესი გლობალური მოვლენები, როგორიცაა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტები და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული დაძაბულობა, ახალ გამოწვევებს ქმნის დიპლომატიაში და უსაფრთხოებაში. “უკეთესი საქართველო შესაძლებელია” რეალურ დროში სწავლობს და აკვირდება ამ მოვლენებს, საიდანაც კიდევ უფრო ნათელი ხდება ისეთი პარტნიორობებისა და პოლიტიკების ჩამოყალიბება, სადაც პრიორიტეტი დიპლომატიას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას და საერთაშორისო სამართლის დაცვას ეფუძნება. გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველო ნატოს ურთიერთობის ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონალურ სტაბილურობას მხარეთა პასუხისმგებლიანი ჩართულობის გზით, რაც მშვიდობისა და უსაფრთხობის ერთგულებას ნიშნავს.

თანამშრომლობა თავდაცის მიღმა: რა თქმა უნდა, საქართველო-ნატოს უერთიერთობის ძირითადი საფუძველი სამხედრო თანამშრომლობაა, მაგრამ ჩვენ ამ პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაც გვსურს ვიხილოთ, რათა ერთად გავუმკლავდეთ ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და სხვა. თანამშრომლობის მრავალშრიანი ხედვა ხელს შეუწყობს არამხოლოდ მეტი უსაფრთხოების მიღწევას, არამედ გლობალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც.

გლობალური დინამიკა: უახლესი გლობალური მოვლენები, როგორიცაა უკრაინაში მიმდინარე ომი, პალესტინის ოკუპაცია და ეთნოწმენდა, დაძაბულობა ისრაელსა და ირანს შორის, ქმნის საქართველოსვის გამოწვევას, რომელსაც კომპლექსური და დაბალანსებული გეოპოლიტიკური მიდოგმა სჭირდება უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

დემოკრატიული პრინციპები: ჩვენ ცალსახად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გამომხატველი ვართ ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით. სწორედ იგივე დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების გამო, ჩვენი მიზანია ქართველი ხალხის ხმა ისმოდეს ამ რთული და მრავალშრიანი პროცესის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებშიც. შესაბამისად, ჩვენი მიმართებები თანამედროვე სამყაროს ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით, ეყრდნობა ქართველი ხალხის სურვილებს, რათა მათი ხმა და კითხვები ამ  გლობალურად ურთულეს პერიოდიში მუდმივად ისმოდეს თავად ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისასაც.

როგორც ნატოსთვის არის მნიშვნელოვანი კავკასია, საქართველო და ჩვენი ჩართულობა / პარტნიორობა სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციებში, ისე საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება არის ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის მნიშვნელოვანი.

უსაფრთხოების სისტემების მოწოდება: ნატომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ახალი და მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებით, რომლებიც მოიცავს საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სისტემებს, კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურას, და სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს სისტემები ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას და ეროვნული თავდაცვის გაძლიერებას.

ტექნიკური მხარდაჭერა და ტრენინგი: ნატომ უნდა გაზარდოს მასშტაბი საქართველოს სამხედრო პერსონალის ტრენინგისა და ტექნიკური მხარდაჭერის, რაც გააუმჯობესებს ჩვენი სამხედროების კომპეტენციასა და გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით.

მობილობის და ლოჯისტიკის გაუმჯობესება: საქართველოს სამხედრო ძალების მობილობის და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება კრიტიკულია ჩვენი სისტემისთვის. საქართველოს ნატოსგან სჭირდება შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ჯარს სწრაფად და ეფექტურად გადადგილდეს.

გადაუდებელი დახმარების პაკეტი: ნატომ უნდა შეიმუშაოს საქართველოზე მორგებული გადაუდებელი დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს სამხედრო და სამოქალაქო სფეროებში დახმარების სწრაფ მობილიზაციას ეროვნული უსაფრთხოების გეგმის მიხედვით გაწერილი პოტენციური კრიზისების დროს. ეს პაკეტი უზრუნველყოფს ნატოს დაუყოვნებლივ რეაგირებას საქართველოს მხარდაჭერისთვის ნებისმიერი გადაუდებელი სიტუაციის დროს.

Previous
Previous

სპორტი

Next
Next

განათლება და მეცნიერება