განათლება და მეცნიერება

საქართველოს სამეცნიერო და აკადემიური ისტორია საუკუნეებს ითვლის. გელათის აკადემია, რომელიც დაარსდა XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის ინიციატივით,  იყო არა მხოლოდ სასულიერო სასწავლებელი, არამედ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ცენტრიც, სადაც სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ უდიდესი ქართველი მოაზროვნეები. მას შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემამ რთული, ხშირად პრობლემური გზა გაიარა – თუმცა, ბოლო საუკუნეებში ჩვენს აკადემიაში უზარმაზარი ცოდნა, გამოცდილება და ტრადიცია დაგროვდა. სამწუხაროდ, როგორც ყველა სფეროში, 30წლიანმა ნეოლიბერალურმა რეჟიმმა განათლებისა და მეცნიერების სისტემებიც მნიშვნელოვნად დააზიანა.

დღესდღეობით, საქართველოს განათლების სისტემა და მეცნიერებაპირდაპირ უნდა ითქვას, რომ მძიმე მდგომარეობაშია. სკოლებისა და უნივერსიტეტების შესახებ არსებული სტატისტიკა საგანგაშოა. განათლების ხარისხის საერთაშორისო შეფასებებით, ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. PISA-ს (Programme for International Student Assessment) კვლევების თანახმად, ქართველი მოსწავლეების საშუალო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით.

უნივერსიტეტების მიმართულებითაც რთულადაა საქმე. მათი უმრავლესობის ინფრასტრუქტურა მოძველებულია და საჭიროებს განახლებას, რაც ხშირად ხელს უშლის თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროცესების ეფექტურად განხორციელებას. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამები და მეთოდები ხშირ შემთხვევაში არ არის ადაპტირებული თანამედროვე მოთხოვნებთან და საჭიროებებსთან.

სამეცნიერო ინსტიტუტების დახურვა და მისი გავლენა

საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტების დახურვამ მკვეთად ნეგატიური გავლენა იქონია მეცნიერებაზე, საზოგადოებაზე და შესაბამისად ეკონომიკაზეც. სამეცნიერო კვლევების და განვითარების მიმართულებით ჩვენს ქვეყანას სერიოზული კრიზისი აქვს.  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული ღვაწლი და მიღწევები აღსანიშნავია, მაგრამ მისი დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკის და რეფორმის სურვილის გარეშე წარმოუდგენელია.

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა: ბაგა-ბაღიდან უნივერსიტეტებამდე.

რეფორმის ყველა შრეს განვიხილავთ, როგორც საჯარო და ფართო საზოგადოებრივი მსჯელობისა და კონსენსუსის საგანს.

ბაგა-ბაღები ჩვენი განათლების სისტემის საწყისი წერტილია, სადაც ბავშვის სოციალური განვითარება და განათლება იწყება. აუცილებელია ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზაცია, რათა ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო და განვითარებისთვის საჭირო გარემო. მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწავლო მეთოდების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების ფსიქოსოციალურ და კოგნიტიურ განვითარებას. პედაგოგების გადამზადება და მათი პროფესიული განვითარების პროგრამების მხარდაჭერა ასევე მუდმივი პროცესია, რათა ღირსეულ ანაზღაურებას (რომელიც ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ცალკე ნაწილია საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა მოქალაქისთვის) ამ მეტად საპასუხისმგებლო პროფესიისთვის შესაბამისი კვალიფიკაციაც ჰქონდეს.

სასკოლო განათლების რეფორმა მოიცავს სასწავლო პროგრამების განახლებას, რათა ისინი იყოსმ როგორც ეროვნულ ისე თანამედროვე ინტერესებთან მორგებული და ადაპტირებული შესაბამის საჭიროებებთან. ეს გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვას, მასში ეროვნული ინტერესების შესაბამისი ახალი საგნების და მოდულების დანერგვას, რომლებიც შეესაბამება და უპასუხებს თანამედროვე ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად სამყაროს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების მრავალპროფილურ განათლებას.

უმაღლესი განათლების რეფორმა მოითხოვს უნივერსიტეტების ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების გაძლიერებას, რაც საშუალებას მისცემს უმაღლეს სასწავლებლებს დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი სასწავლო და კვლევითი საქმიანობა. უნივერსიტეტების ავტონომია მნიშვნელოვანია მათი განვითარების და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა აკადემიური და მეცნიერული ინტერესები გამტარი სახალხო ინსტიტუციები და საჯარო სიკეთე იყვნენ.

აუცილებელია კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა. ეს მოიცავს საკმარისი ფინანსური რესურსების გამოყოფას კვლევებისთვის, თანამედროვე ლაბორატორიების და კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნას, კვლევითი გრანტების და სტიპენდიების გაფართოვებას. ჩვენი ხედვა ქმნის მეცნიერების და ინოვაციების განვითარებას, რაც პირდაპირ აისახება ახალი ცოდნის ეკონომიკურ და სოციალურ გამოყენებაშიც.

საერთაშორისო კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობა ევროპულ და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან უფრო მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ჩვენი განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. აუცილებელია გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვლევითი პროექტების და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება, რათა ქართველმა სტუდენტებმა და მკვლევრებმა შეძლონ საერთაშორისო აკადემიურ სამყაროსთან სრული ინტეგრაცია. ამასთან, საქართველოს განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს უცხოელი სტუდენტებისა და მკვლევარების წახალისება ჩვენთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან აკადემიურ მიმდინარეობებში – როგორიცაა ქართველელოგია, ისტორია, კულტურის კვლევები და სხვა. ეს საშუალებას მოგცემს მთელი მსოფლიოში არსებობდეს ქართულ ენასა თუ კულტურაში სპეციალიზირებული მეცნიერება.

სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია აუცილებელია, რათა მათში ასახული იყოს თანამედროვე მეცნიერების და ტექნოლოგიების მიღწევები. სასწავლო პროგრამები უნდა იყოს შესაბამისი თანამედროვე საჭიროებებთან – პირველ რიგში აკადემიური თვალსაზრისით და არა ბაზრის მოთხოვნილებების უპირატესობით. მეცნიერება თავად უნდა გახდეს ეკონომიკური სფეროს იდეოლოგიური მამოძრავებელიცა და ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მამოძრავებელი.

სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია პრაქტიკული სასწავლო პროგრამების და სტაჟირების შესაძლებლობების შემუშავება და დანერგვა, რათა სტუდენტებმა შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და პროფესიული გამოცდილების მიღება. თანამშრომლობა კერძო სექტორთან და საწარმოებთან ხელს შეუწყობს სტაჟირების და სამუშაო შესაძლებლობების შექმნას სტუდენტებისთვის. თუმცა, საჯარო / სახელმწიფო კომპანიების, ბანკებისა და ინსტიტუტების განვითარება სწორედ ამიტომაც არის დამატებით მნიშნველოვანი - ისნი წარმოადგენენ ღირსეული დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას ჩვენი თაობებისთვის, რომელთა ცოდნა და უნარები საქართველოს საერთო კეთილდღეობის შექმნას მოხმარდება.

უნივერსიტეტების პარტიული წნეხებისგან გათავისუფლება:. აუცილებელია მავნე პრაქტიკებისგან დაცლა, როცა უშიშროების სამსახურები უნივერსიტეტებში აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებაში ერევიან. უნივერსიტეტები უნდა იყვნენ თავისუფალი პარტიული გავლენისგან, რათა მათ შეეძლოთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა.

განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი პრინციპები:

  1. უნივერსიტეტების ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების გაძლიერება.

  2. კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და განვითარება.

  3. საერთაშორისო კავშირების და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება.

  4. სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია

  5. სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარება და სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა.

  6. უნივერსიტეტების გათავისუფლება პარტიული წნეხისგან და მავნე პრაქტიკებისგან.

განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილია აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა, გადამზადების ხელშეწყობა და აკადემიური განვითარების შესაძლებლობა.  აუცილებელი და გადაუდებელია არსებული და მომავალი / პოტენციური პედაგოგების ღირსეული დაფასება შესაბამისი ანაზღაურებით, რათა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგიური პერსონალისთვის იყოს მიმზიდველი.

საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად აუცილებელია მეცნიერების სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადება და შესაბამისი პოლიტიკის გატარება. სამეცნიერო ინსტიტუტების აღდგენა და მათი განვითარების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რაც მოიცავს რამდენიმე ძირითადი კომპონენტის განხორციელებას.

პირველ რიგში, საჭიროა არსებული სამეცნიერო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზაცია. აუცილებელია თანამედროვე ლაბორატორიების, კვლევითი ცენტრების და ტექნოლოგიური პარკების განვითარება / შექმნა. ეს მოიცავს სამეცნიერო ინსტიტუტების აღჭურვას უახლესი ტექნოლოგიებითა და ხელსაწყოებით, რომლებიც საჭიროა კვლევების და ექსპერიმენტების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ასევე აკადემიური / სამეცნიერო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ტიპის მხარდაჭერას.

მეცნიერების დაფინანსების გაზრდა აუცილებელია ახალი კვლევითი პროექტების და ინიციატივების ხელშეწყობისთვის. სახელმწიფომ უნდა გამოყოს საკმარისი რესურსები სამეცნიერო კვლევებისთვის, გრანტების და სტიპენდიების სახით, რაც ხელს შეუწყობს მკვლევარებს და მეცნიერებს შეძლონ თავიანთი იდეებისა და პროექტების რეალიზაცია, ასევე გაიღრმავონ ცოდნა და აკადემიური / სამეცნიერო გამოცდილება.

ახალგაზრდა მეცნიერების და კვლევითი ჯგუფების წახალისება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია სპეციალური პროგრამების შექმნა, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა მეცნიერებს და მკვლევარებს თავიანთი კარიერული გზის დაწყებასა და შემდგომში განვითარებაში. ამის ნაწილი უნდა იყოს ახალგაზრდული კვლევითი გრანტების, სტიპენდიების და სასწავლო პროგრამების დაფინანსება, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდების მოტივაციას და განვითარებას მეცნიერებაში.

საერთაშორისო კავშირების გაძლიერება და ევროპული კვლევითი პროგრამების გამოყენება სრული მასშტაბით უნდა მოხდეს. საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით ქსელებში. საერთაშორისო კონფერენციებში და სემინარებში მონაწილეობა, გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ერთობლივ კვლევით პროექტებში ჩართვა.

მეცნიერების განვითარება ფუნდამენტია სოციალური კეთილდღეობის და ეკონომიკური პროგრესისაც.  სამეცნიერო მიღწევები, კვლევები და ცოდნა ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამასთანავე, მეცნიერების განვითარება ხელს შეუწყობს საზოგადოების განათლების და ცოდნის დონის ზრდას, რომლის გარეშე შეუძლებელია უკეთესი საქართველოს წარმოდგენაც.

 

Previous
Previous

საქართველო და ნატო