შრომა
შრომის პოლიტიკა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და ცვლილებების მხარდაჭერას ნეოლიბერალური მემკვიდრეობისგან გათავისუფლებისთვის, რომელმაც ბოლო რამდენიმე ათწლეულში საქართველოს მშრომელები უსასტიკეს პირობებში ჩააგდო. შრომითი უფლებების მარადიული განვითარებისადმი ერთგულება მხოლოდ რიტორიკა არ არის – ეს არის პრაქტიკული პროგრამა ისტორიული შეცდომების გამოსასწორებლად და ახალი ეპოქის დასაწყებად, სადაც თითოეული მშრომელის კეთილდღეობა და ღირსება სახელმწიფო ინტერესების ეპიცენტრში დგას.
დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა პროფესიულ კავშირებში:
“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” აცნობიერებს პროფესიული კავშირების (პროფკავშირების) უმნიშვნელოვანეს როლს ადამიანის უფლებების დაცვაში და მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს არსებული პროფესიული კავშირების ცენტრაულ გაერთიანების განახლებასა და დემოკრატიზაციას, რათა არსებული უზარმაზარი რესურსი სწორედ, სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპებით ემსახურებოდეს ქართველ მშრომელებს – იყოს დაცული ყველანაირი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენებისგან.
ამასთან, გადაუდებლად მიგვაჩნია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ნებისმიერ დამსაქმებელს, რომელსაც ჰყავს სამზე მეტი დასაქმებული ავალდებულებდეს პროფესიული კავშირების დაარსებას საკუთარ ორგანიაციასა თუ კომპანიაში.
საცხოვრებელი ხელფასი:
შრომითი პოლიტიკის რეფორმირების ცენტრალური საკითხი საცხოვრებელი ხელფასის ეტაპობრივი დანერგვაა. ეტაპობრივი, რადგან ჯერ სახელმწიფომ მთელი რიგი ეკონომიკური პოლიტიკები უნდა გაატაროს [რომელსაც სხვა გვერდებზე შეგიძლიაც გაეცნოთ) და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება უნივერსალური მინიმალური (საცხოვრებელის მიხედვით) ხელფასის დანერგვა ადეკვატური ეროვნულ დონეზე. მანამდე კი, ასეთი ვალდებულება მხოლოდ შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება. სახელფასო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია სავალდებულო პროფესიული კავშირები და შესაბამისად, სავალდებულო კოლექტიური მოლაპარაკება შრომის ანაზღაურებაზე, რაც დამატებითი ბერკეტია სახელმწიფოსთვის უზრუნველყოს მშრომელთა ინტერესების ინდივიდუალური სქემით, თუმცა სისტემური დაცვა.
საცხოვრებელი ხელფასის მხარდაჭერა ბიზნესში და საჯარო სექტორში.
გარდა კონკრეტული პოლიტიკების ადვოკატირებისა, გვსურს აქტიურად ვიმუშაოთ ბიზნესთან და სახელმწიფოსთან საცხოვრებელი ხელფასის დანერგვისთვის. რაც მოიცავს ცოდნისა და განათლების გავრცელებას საცხოვრებელი ხელფასის შესახებ – მისი ეფექტურობისა მიკრო და მარკო ეკონომიკურ განზომილებებში, თავად ბიზნესის ეფექტურობისა და მდგრადობისთვის.
ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანასა და დიდ კორპორაციებში დანერგილ ახალ მიდგომებს. ოთხდღიანი სამუშაო კვირა ერთ–ერთი ასეთი საინტერესო მიმართულებაა, რომელმაც არაერთ კომპანიაში უფრო დიდი ეფექტურობაც გამოიწვია.