ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია სახელმწიფოებრივი პარადიგმის ცვლილებისთვის

ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია მხოლოდ ეკონომიკური სტრატეგია არ არის; ეს არსებული სახელმწიფოებრივი პარადიგმის ცვლიბებაც გახლავთ.

საქართველო უნდა გათავისუფლდეს ნეოკოლონიალური რეალობისგან და დაიწყოს შეუქცევადი პროცესი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, რომელიც საკუთარ ბუნერბივ რესურსებს გონივრულად იყენებს საკუთარივე მოსახლეობის კეთილდღეობისა და გარემოს დაცვისთვის. სახელმწიფო, სადაც ბუნებრივი რესურსი საერთო კეთილდღეობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესის საფუძველია და არა უთანასწორობის წყარო ველური ექსტრაქტივისტული მეთოდებითა და მიზნებისთვის.

“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” თვლის, რომ საქართველოს გადაუდებლად ესაჭიროება არსებული რესურსების ნაციონალიზაციის პროექტი და ამასთან ფართო სამეცნიერო ხედვა სხვა პოტენციური რესურსების გამოყენებისთვის, რომელიც თანხვედრაში იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და ამასთან ძირეულ საფრთხეს არ შეუქმნის ეკოლოგიას, მუდმივად მიისწრავფვის განახლებადი და მწავნე ენერგიებისკენ.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ტიპის რესურსების გამოყენება ათვისება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში საქართველოს სხვა კულტურულ თუ სოციალურ პრიორიტეტებთან, რაც ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხის ინტერესებთან წინააღმდეგობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

არსებული რეალობა საგანგაშოა – ჩვენი რესურსები რუსული, ამერიკული და სხვა საერთაშორისო კაპიტალის ხელშია, რომელთაც ჩვენი სიმდიდრე ქვეყნიდან გააქვთ, აბინძურებენ გარემოს, უგულებელყოფენ მშრომელთა უფლებებს და კორუფციულ გარიგებაში არიან მთავრობებთან. 

სტრატეგიული გამოყენება საზოგადოებრივი სიკეთისთვის:

ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია არ არის უბრალოდ უცხოური კაპიტალის განდევნის თვითმიზანი. ჩვენი ქვეყანა ღია უნდა იყოს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. თუმცა, ჩვენი საკუთარი რესურსები სრულიად მიმართული უნდა იყოს კეთილდღეობის სერვისებისა და სისტემების განვითარებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ისეთების როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, ტექნოლოგიური ინდუსტრიების წახალისება და სხვა. ამ მხრივ ნამდვილად სამაგალითოდ მიგვაჩნია ნორვეგიული მოდელი, სადაც კონსტიტუციაშია ასახული ნორვეგიელი ხალხის მონოპოლია მის რესურსებზე და შემდგომში მისი დისტრიბუცია სოციალური და ეკონომიკური პროექტების სახით. 

ექსტრაქტივიზმის მიღმა:

ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაციას აქვს კიდევ ერთი და ალბათ უმნიშვნელოვანესი შრე: ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება ეს აქტივობა განიხილოს გარდამავალ ეტაპად და მისგან მიღებული ფინანსური მოგებიდან უზრუნველყოს შესაბამისი თანხების მობილიზაცია ალტერნატიული ეკონომიკური პროექტების შესაქმნელად, რათა პლანეტარული მასშტაბის ეკოლოგიურ გამოწვევებს, საქართველომ რაც შეიძლება მალე უპასუხოს შესაბამისი ეკონომიკური სტაბილიზაციისა და განვითარების ახალი, მზარდი და პროგრესული გეგმით.

Previous
Previous

შრომა

Next
Next

კეთილდღეობის სახელმწიფო