ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი ჯოზეფ შტიგლიცი

ჯოზეფ შტიგლიცი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტია, რომელიც ცნობილია ნეოლიბერალიზმის კრიტიკით პროგრესული ეკონომიკის პერსპექტივიდან. შტიგლიცის, ნობელის პრემიის ლაურეატის ეკონომიკაში, ნამუშევრები მოიცავს უკანასკნელი ათწლეულების ანალიზისს და გვთავაზობს უფრო სამართლიან და მდგრად ეკონომიკურ მოდელებს, როგორც კაცობრიობის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. მისი აკადემიური საქმიანობის ძირითადი ფოკუსებია შემოსავლების უთანასწორობა, საბაზრო ჩავარდნები, გლობალიზაცია და სახელმწიფოს როლი ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრაში. მისი ინტელექტუალური წვლილი თანამედროვე პროგრესული ეკონომიკური სკოლის პოლიტიკისთვის უზარმაზარ საფუძველს წარმოადგენს.

ნეოლიბერალიზმის კრიტიკა

მის ყველა ნაშრომში კრიტიკულად არის განხილული ნეოლიბერალიზმი, რომელიც მეოცე საუკუნის 70-იანებიდან აღზევდა სამყაროში. . ნეოლიბერალიზმი, რომელიც ხასიათდება თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალიზმით, დერეგულაციით და პრივატიზაციით, ვერ ახერხებს სოციალური სამართლიანობისა და შემოსავლების თანასწორობისკენ სვლას. მეტიც, ის პირდაპირ მის საწინააღმდეგოდ შექმნილი იდეოლოგიაა. ნეოლიებრალიზმის ერთ-ერთი მთავარი თეორია - "ჩამოდინების ეკონომიკა" შტიგლიცისთვის კატეგორიულად მცდარი და მიუღებელია. "ჩამოდინების ეკონომიკა" ეწოდა თეორიას, რომლის მიხედვითაც ნეოლიბერალიზმმა დაამკვიდრა მცდარი მითი, რომ თითქოს მას შემდეგ რაც ელიტები "საკმარისად" გამდიდრდებიან (ჭიქების პირამიდის სათავეში), დოვლათი ქვედა შრეებშიც ავტომატურ გადმოდინებას დაიწყებს.

შტიგლიცი მიუთითებს, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკა, როგორც წესი, მხოლოდ ზრდას ანიჭებს უპირატესობას ისე, რომ არ ითვალისწინებს, ვინ იღებს ამ ზრდით მიღებულ სარგებელს. ჯოზეფ შტიგლიცი ხაზს უსვამს, რომ უთანასწორობის უგულებელყოფა იწვევს როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ არასტაბილურობას, რაც გრძელვადიან ზრდასა და საზოგადოებრივ ინტერესებს აყენებს ზიანს. სოციალური უთანასწორობა დემოკრატიის დაკნინებასაც ნიშნავს.

პროგრესული ეკონომიკა ნეოლიბერალიზმის საპირწონედ.

პროგრესული ეკონომიკა, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ შტიგლიცი, მიზნად ისახავს უფრო ინკლუზიური ეკონომიკის შექმნას, სადაც ზრდის სარგებელი უფრო ფართოდ და სამართლიანად ნაწილდება მთლიან საზოგადოებაზე. პროგრესული ეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფო ინტერვენციებს იქ, სადაც ბაზარს ჩავარდნები აქვს (მაგ. ფასების კონტროლი გადაუდებელი საჭიროების პროდუქტებზე, შრომითი კანონმდებლობა და ა.შ.) - ასეთი ინტერვენვიები უთანასწორობის შესამცირებლად და მდგრადი განვითარებისთვის არის საჭირო. შტიგლიცი მხარს უჭერს და ამტკიცებს პროგრესული გადასახადების აუცილებლობას (მაგ. მცირე და საშუალო ბიზნესი იხდის 8% %-ს, დიდი და ფართომასთაბიანი 40%. საგადასახადო პროცენტი მოგებიდან შემოსავლების მიხედვით. ), ფინანსური ბაზრების მკაცრ რეგულირებას, სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდას ჯანდაცვასა და განათლებაში.

ეკონომისტი მუდმივად ამტკიცებს, რომ დაურეგულირებელი ბაზრები იწვევს არაეფექტურობასა და სოციალურ კატასტროფას. შტიგლიცი საკუთარ წიგნში The Price of Inequality (უთანასწორობის ფასი), წარმოადგენს მყარ არგუმენტებსა და ფაქტებს, რომ უთანასწორობა არა მხოლოდ საბაზრო ძალების შედეგია, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რომელთა წყალობით პრიორიტეტი მდიდარი მოსახლეობა და კორპორაციებია. წიგნში ის წერს "მოსაზრება, რომ ბაზარი თავისთავად იწვევს ეფექტურ შედეგს ("ბაზარი დაარეგულირებს") არის მცდარი და უაღრესად საშიში. ბაზარი ძალიან ხშირად ცდება და მოიკოჭლებს. და როცა ეს ხდება მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები უფრო ღარიბდებიან" შტიგლიცი მხარს უჭერს პროგრესულ გადასახადებს, როგორც საჭირო ინსტრუმენტს სიმდიდრის გადანაწილებისა და უთანასწორბის აღმოსაფხვრელად. მისი კრიტიკა ვრცელება მონოპოლიებსა და ძალაუფლების კონცენტრაციაზე ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა ტექნოლოგიები და ფინანსები, სადაც კორპორატიული მოგება რეკორდებს ხსნის, მაგრამ დროსთან ერთად ეს დასაქმებულთა ხელფასების ზრდაზე საერთოდ არ აისახება. აშშ-ს უმდიდრესი 1% ფლობს მთელი ქვეყნის სიმდიდრის / დოვლათის 40%-ზე მეტს. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი მხარს უჭერს სახელმწიფოს აქტიურ როლს ეკონომიკაში. ნეოლიბერალიზმისგან განსხვავებით, შტიგლიცი მოუწოდებს სახელმწიფოებს შეასრულონ ბაზრის წარუმატებლობის კორექტორის როლი. თავის 2024 წლის ნაშრომში The Road to Freedom : Economics and The Good Society (გზა თავისუფლებისკენ - ეკონომიკა და კარგი საზოგადოება), ეკონომისტი ხაზს უსვამს პროგრესული პოლიტიკების მნიშვნელობას სამართლიანი საზოგადოების შექმნის პროცესში. 
გლობალიზაცია და საერთაშორისო განვითარება. თავის წიგნში Globalization and Its Discontents(გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება) შტიგლიცი აკრიტიკებს ნეოლიბერალური პოლიტიკის ზეგავლენით მიღწეული გლობალიზაციის შედეგად უთანასწორობის გაღრმავებას. ის წერს, რომ გლობალური თავისუფალი ვაჭრობა და ფინანსები, როგორც წესი, უფრო მეტად სასარგებლოა მდიდარი ქვეყნებისთვის და ღარიბ ქვეყნებს ისევ სიღატაკეში ტოვებს. წინგში ასევე კრიტიკულად არის განხილული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოღვაწეობა განვითარებადი ქვეყნების მიმართულებით. კრედიტებს, რომელთაც ეს ინსტიტუტები გასცემენ სახელმწიფოებისთვის ნეოლიბერალური რეფორმების ვალდებულება მოჰყვება.
ჯოზეფ შტიგლიცი გახლვათ პროგრესივიზმის ერთ-ერთი მოწინავე იდეოლოგი თანამედროვე სამყაროში. ის არამარტო თეორეტიკოსია, არამედ, არაერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ყოფილი მთავარი ეკონომისტი, რაც მის დაკვირვებებსა და ანალიზს ბევრად უფრო სიღრმისეულს ხდის. შტიგლიცის და მსგავსი ეკონომისტების აღზევა მიუთითებს ნეოლიბერალიზმის დასასრულზე, როცა მისგან გამოწვეული კატასტროფების სამკურნალო წამალს ეძებენ აშშ-შიც და სხვა ქვეყნებშიც.

Previous
Previous

„როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად"

Next
Next

სახელმწიფო გველეშაპის მითი: როგორ იყენებს ნეოლიბერალიზმი შიშს სოციალური პროგრესის შესაჩერებლად