სახელმწიფო გველეშაპის მითი: როგორ იყენებს ნეოლიბერალიზმი შიშს სოციალური პროგრესის შესაჩერებლად
ნეოლიბერალიზმი, რომელიც მუდმივად ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც ეკონომიკური ეფექტურობის, თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის დამცველი, აყალიბებს ნარატივს, სადაც სახელმწიფო წარმოდგენილია როგორც ყოვლისმომცველი "ლევიათანი" (გველეშაპი), რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ზრდას და პირად თავისუფლებას. ეს პროპაგანდა მუდმივად ეხმარება ნეოლიბერალ პოლიტიკოსებსა და აქტორებს კეთილდღეობის სახელმწიფოსთან, სოციალურ ინვესტიციებთან და საზოგადოებრივ საკუთრებასთან ბრძოლაში, რისი წყალობით მათი არაეფექტურად წარმოჩენა ხდება. თუმცა, ლიბერალებისთვის ისტორიის, ფაქტებისა და სტატისტიკის გაყალბება უცხო არაა - ეს მითი დაყრდნობილია ისტორიული ფაქტების დამახინჯებაზე და არ ითვალისწინებს სოციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო საკუთრების წარმატებასთან დაკავშირებულ ფაქტებს.
ნეოლიბერალიზმის აღზევება და კეთილდღეობის სახელმწიფოზე შეტევა
ნეოლიბერალიზმის აღზევება, განსაკუთრებით 1970-იანებიდან 1990-იან წლებამდე, ახალი გლობალური ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ფორმირების პროცესი იყო. მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთში და რონალდ რეიგანი ამერიკაში იყვნენ ამ ახალი პოლიტეკონომიური დღისწესრიგის წინამძღოლები, რომლებიც უტევდნენ კეთილდღეობის სახელმწიფოს, ამტკიცებდნენ, რომ ის არასტაბილური და ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შემშლელი იყო. მათი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ მასშტაბური სახელმწიფო პროგრამები ქმნიდა დამოკიდებულებას, არაეფექტიანობას და ფინანსურ ტვირთს სახელმწიფოსთვის.
მაგრამ ისტორიული მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებს. 1950-იან და 1960-იან წლებში ბრიტანეთში, საფრანგეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში განვითარდა ძლიერი კეთილდღეობის სახელმწიფოები და ამავე დროს მაღალი ეკონომიკური ზრდაც. სოციალური პროგრამები, როგორიცაა უნივერსალური ჯანდაცვა, უფასო საზოგადოებრივი განათლება და სოციალური უზრუნველყოფა... მილიონობით ადამიანს სიღარიბიდან ამოიყვანა და უზრუნველყო დასავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო კეთილდღეობა.
მაგალითად, შვედეთში, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კეთილდღეობის სახელმწიფოში, 1950-1975 წლებში მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ყოველწლიურად იზრდებოდა დაახლოებით 2.4%-ით, ხოლო სოციალური ხარჯები 1950 წელს მშპ-ს 7.7%-დან 1975 წელს 20%-ზე მეტით გაიზარდა
მსგავსი ტენდენციები შეინიშნებოდა დასავლეთ ევროპაში, სადაც ძლიერი კეთილდღეობის სისტემები მძლავრ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად არსებობდა. კეთილდღეობის სახელმწიფო არამარტო არ აფერხებდა ზრდას, არამედ ამ სოციალური პროგრამებით იქმნებოდა უფრო პროდუქტიული, ჯანმრთელი და განათლებული მუშახელი.
ნეოლიბერალიზმმა შექმნა პროპაგანდისტული მითი, რომ თითქოს კეთილდღეობის სახელმწიფო არაეფექტურია, მაგრამ არც წარსული და არც აწმყო ამას არ ადასტურებს. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი ჯოზეფ შტიგლიცი აღნიშნავს:
„ნეოლიბერალური თავდასხმა კეთილდღეობის სახელმწიფოზე ყოველთვის ეფუძნებოდა და ახლაც ქადაგებს მცდარ იდეას, რომ სოციალური პროგრამები არაეფექტურია და ქმნის დამოკიდებულებას, მაგრამ სინამდვილეში, ისინი აყალიბებენ ძლიერ და სტაბილურ ეკონომიკურ საფუძველს.“
ნეოლიბერალური შიშის დაძლევა ნეოლიბერალიზმის აღზევება მხოლოდ კეთილდღეობის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკით არ დასრულებულა; ის მუდმივად ავრცელებს შიშს სახელმწიფოს საკუთრებისა და საზოგადოებრივი ინვესტიციების მიმართ. "სახელმწიფო გველეშაპის" იდეა გულისხმობს ძლიერ მთავრობას / სახელმწიფოს, რომელიც ბოჭავს ინდივიდუალურ ეკონომიკურ თავისუფლებასა და სიცოცხლისუნარიანობას. ეს მითი მიზანმიმართულად გამოიყენებოდა სოციალური პროგრამების, ნაციონალიზებული მრეწველობების / ბუნებრივი რესურსების და სახელმწიფო ინვესტიციების დისკრედიტაციისთვის.
ნეოლიბერალიზმის მოწინავე იდეოლოგები, ფრიდრიხ ჰაიეკი და მილტონ ფრიდმანი, ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში აუცილებლად გამოიწვევდა ინდივიდუალურ თავისუფლებების დაკარგვასა და ეკონომიკურ არაეფექტიანობას. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი მაგალითი, სადაც სახელმწიფოს საკუთრება და ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ეკონომიკურ განვითარებაში და ინოვაციებში. სამხრეთ კორეის მაგალითზე, სახელმწიფოს მიერ წინა პლანზე დაყენებული განვითარების პოლიტიკამ 1960-იან და 1970-იან წლებში სამხ.კორეა ღარიბი ქვეყნიდან ერთ-ერთ ინდუსტრიულ ძალად აქცია. სამხრეთ კორეის მთავრობა მნიშვნელოვანი ინვესტიციებს ახორციელებდა ისეთ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, როგორიცაა ფოლადი, ელექტრონიკა და გემთმშენებლობა, რამაც გამოიწვია სწრაფი ინდუსტრიალიზაცია და ეკონომიკური ზრდა. 1962-1990 წლებში მშპ-ს ზრდის ტემპი საშუალოდ 8-10%-ს შეადგენდა.
ნორვეგიამ ნავთობის მარაგების აღმოჩენისას ეგრევე კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ბუნებრივი რესურსები ეკუთვნის ნორვეგიელ ხალხს, ანუ მის სახელმწიფოს. ნავთობის სექტროს ნაციონალიზაციამ და რესურსებიდან მიღებული დოვლათის სახელმწიფო პროგრამებში გადანაწილებამ, ნორგვეგია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია. გარდა არსებული სოციალური და ეკონომიკური სიკეთეებისა, რომელსაც სახელმწიფო ამ რესურსების რეალიზაციით საკუთარ მოსახლეობას აწვდის, ქვეყენას ასევე გააჩნია მომავლის ფონდები, რომელიც მომავალში ბუნებრივი რესურსების მოპოვების შეწყვეტასთან ერთად მოსახლეობის უსაფრთხო მომავალსაც უზრუნველყოფს.
ნეოლიბერალიზმის შედეგები: უთანასწორობა, არასტაბილურობა და სოციალური ნდობის დაცემა
ნეოლიბერალურმა ეპოქამ გამოიწვია მზარდი უთანასწორობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და სოციალური ნდობის დაცემა. საზოგადოებრივი სერვისების მოშლამ და კეთილდღეობის პროგრამების შემცირებამ, ეკონომიკური უთანასწორობა გაიზარდა. OECD-ის მონაცემებით, 1980-იანი წლებიდან შემოსავლების უთანასწორობა მკვეთრად გაიზარდა თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
. პროგრესული პასუხი: სოციალური კონტრაქტის აღდგენა და განვითარება.
ნეოლიბერალიზმის შეტევა სახელმწიფოსა და სოციალურ პროგრამებზე დამანგრეველი აღმოჩნდა, მაგრამ გამოუსწორებელი არაფერია. ამიტომ პროგრესული პასუხი უნდა დაეყრდნოს სახელმწიფოს როლის აღდგენას, როგორც პოზიტიური ძალის, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციას, თანასწორობას და საჭირო სერვისების მიწოდებას. ამისათვის კი საჭიროა, რომ ხალხმა მასშტაბურად უარყოს ნეოლიბერალური პარადიგმა და მისი დანერგილი შიშები, რათა პოლიტიკოსებმა ახალ ელექტორალურ დაკვეთას უპასუხონ.