"საერთო სიკეთე" გათითოკაცების საპირწონედ

რობერტ რეიხის "საერთო სიკეთე" გახლავთ ყოვლისმომცველი და ამაღელვებელი ნაშრომი ეთიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობების შესახებ, რომელიც ფუნქციონალური საზოგადოების განმსაზღვრელია. ამერიკელი ავტორი, არაერთი ცნობილი უნივერსიტეტის თანამშრომელია. ამჟამად ის კალიფორნიის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. "საერთო სიკეთე" არის საკმაოდ ფილოსოფიური, თუმცა ადვილად გასაგები წიგნი, რომლის მიზანია დაადგინოს როგორ შეიცვალა ამერიკელი საზოგადოების ღირებულებები საერთო კეთილდღეობის პრინციპებიდან ინდივიდუალური სარგებლის, მოგების მაქსიმიზაციისა და ძალაუფლების კონცენტრაციისკენ. აკადემიური საქმიანობის მიღმა, რობერტ რაიხი აშშ-ს შრომის მდივანიც იყო ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში. პოლიტიკური და აკადემიური გამოცდილების ნაზავით, ავტორი აგებს მყარ არგუმენტებს, რომელიც გადაუდებელია ჩვენი დროის პოლიტიკური და სოციალური განხეთქილების რეალობაში. მისი კრიტიკული ანალიზი "საერთო სიკეთის" დაკნინებაზე მრავალშრიანია და მოიცავს რამდენიმე ათწლეულს ნეოლიბერალიზმის დასაწყისიდან თანამედროვეობამდე, ხოლო რაიხის ხედვა სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღდგენისკენ დიდი წვლილია თანამედროვე დისკურსში დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ.
მისი დაკვირვება "საერთო სიკეთის" დაკნინებასთან დაკავშირებით უაღრესად კრიტიკულია, ხოლო მისი მოწოდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღდგენისკენ - საჭირო და მნიშვნელოვანი წვლილია თანამედროვე დისკურსში დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ. წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი კვლევის ასპექტია საზოგადოებრივი ცხოვრების მორალური და ეთიკური დაკნინება. "საერთო სიკეთე" , რომელიც ერთ დროს ამერიკელი საზოგადოების საფუძველი იყო, ექსტრემალურმა ინდივიდუალიზმმა და ბაზრის ფუნდამენტალიზმმა ჩაანაცვლა. რაიხის დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ნეოლიბერალურმა ტრანსფორმაციამ გაანადგურა დემოკრატიის ქსოვილი და დაარღვია ის სოციალური კონტრაქტი, რომელიც მოქალაქეებს ერთმანეთთან აკავშირებს. რაიხი ამ პროცესს ისტორიულ აშშ-ს ისტორიის კონტექსტში განიხილავს და გვიჩვენებს თუ როგორ იყო საზოგადოების მიერ ინდივიდუალურ უფლებებსა და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის ბალანსი უპირატესად. მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა თვითდაკმაყოფილების იდეოლოგიაზე დგას, სადაც მოგების მაქსიმალური ზრდა და პირადი წარმატება უმაღლეს ღირებულად მიიჩნევა. რაიხის აზრით, ამან შეასუსტა საზოგადოებრივი ნდობა ინსტიტუტების მიმართ და განადგურების პირას მიიყვანა სოციალური კავშირები, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული მმართველობისთვის.
რობერტ რაიხის ნაშრომში სხვადასხვა კონკრეტული მაგალითების მიხედვით, ბოლომდე გაცამტვერებულია თავისუფალი ბაზრის მითი. ეთიკის გათვალისწინების გარეშე ბაზრების სრული დომინაცია და ფეტიში დამანგრეველია ინდივიდებისთვის და სახელმწიფოსთვისაც. არსებული ნეოლიბერალური კანონები და თამაშის წესები ეკონომიკაში, შექმნილია კანონებით, რეგულაციებითა და ნორმებით, რომელიც ხშირად შექმნილია მდიდრებისა და გავლენიანების სასარგებლოდ "საერთო სიკეთის" შემცირების ხარჯზე. პროფესორი მრავალი არგუმენტით კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ "თავისუფალ ბაზარზის" რეალობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია არა ეკონომიკური კანონზომიერება, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ უთანასწორობა და სიღარიბე არ არის გარდაუვალი ან ბუნებრივი, არამედ ის კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.

წიგნის "საერთო სიკეთე" ერთ-ერთი განსაკუთრებული მხარე ის გახლავთ, რომ რაიხისთვის ეკონომიკური ცხოვრობა ეთიკური განზომილების გარეშე არ არსებობს. ის უბრალოდ რეგულაციების დაწესებას ან მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას არ მოითხოვს, რაიხი უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ ტრანსფორმაციას ითხოვს, როდესაც პირველ რიგში, ამერიკელებმა უნდა გადახედონ საკუთარ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ. ავტორის აზრით, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ასახავდეს მორალურ შეხედულებებს სამართლიანობისა და საერთო კეთილდღეობის შესახებ. რობერტ რაიხის ანალიზი სცდება ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების დიაგნოსტიკას. წიგნი გვთავაზობს გზას საერთო სიკეთის აღსადგენად. მისი ხედვის ეპიცენტრშია სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონცეფცია, რომელიც დღევანდელ ნეოლიბერალური ინდივიდუალიზმის ეპოქაში მიზანმიმართულად არის დაკნინებული. პროფესორი მოუწოდებს ხალხს სამოქალაქო ჩართულობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აღორძინებისკენ. მის ყველა ნაშრომში ხაზგასმულია განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და სასამართლო სისტემა, რომელიც ბოლო ათწლეულებია უგულებელყოფილია პრივატიზაციისა და კორპორაციული გავლენების რადიკალური ზრდის გამო.



Previous
Previous

ტექნოფეოდალიზმი: კაპიტალიზმის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მოკვდა.

Next
Next

„როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად"