საჯარო ბანკი
საჯარო ბანკი არის ფინანსური ინსტიტუტი, რომლსაც ფლობს და მართავს სახელმწიფო - ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე. კერძო ბანკებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბანკის მიზანი არა მოგების მაქსიმიზაცია, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების გატარება, ეკონომიკური განვითარება და სოციალური ბალანსის დაცვაა.. საჯარო ბანკებს შეუძლიათ დაფინანსება მიმართონ ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პროექტებზე, როგორიცაა ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, განახლებადი ენერგია და ინფრასტრუქტურა.
საჯარო ბანკინგს დიდი ისტორია აქვს. პირველი საჯარო ბანკები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ თანამედროვე საბანკო და ფინანსური სისტემების განვითარებაში. ერთ-ერთი პირველი მაგალითი საჯარო ბანკისა იყო ბარსელონაში დაფუძნებული Taula de Canvi. 1401 წელს დაარსებული მუნიციპალური ბანკი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საჯარო ფინანსების მართვაში, მთავრობისთვის სესხების გაცემით და სერვისების მიწოდებით, რითაც მოგვიანებით ცენტრალური ბანკების საქმიანობასაც ჩაუყარა საფუძველი. ჩვენს ისტორიაშიც მოიძებნება საამაყო მომენტი, როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველი ქართული საჯარო ბანკი დაარსდა. საქართველოს სახელმწიფო ბანკმა, რომელიც 1919 წლის დეკემბერში დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პერიოდში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის ფინანსურ სისტემაში. ბანკი მართავდა ვალუტის გამოშვებას, ჰქონდა მარეგულირებელი უფლებები და სხვა. ხელმისაწვდომი იყო ისეთი სერვისები, როგორიცაა ანაბრები, კრედიტები და აგრარული სესხები. . მიუხედავად პოლიტიკური არასტაბილურობის და შეზღუდული რესურსებისა, ბანკმა საფუძველი ჩაუყარა მომავალ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოსთვის რთულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
დროთა განმავლობაში, საჯარო ბანკების როლი გაიზარდა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენი ეპოქის (ნეოლიბერალიზმი, რომელიც 1970-იანებიდან აღზევდა) ეკონომიკური კრიზისების დროს, როდესაც კერძო ბანკები ვერ იცავენ და აკმაყოფილებენ საზოგადოებრივ ინტერესს. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ცალსახად აჩვენა, რომ საჯარო ბანკები სტაბილურობის გარანტია და კრიზისების დროს საზოგადოებისთვის საჭირო დაფინანსებას და ინვესტიციებს უზრუნველყოფენ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა, ჯოზეფ სტიგლიცმა, აღნიშნა:
"საჯარო ბანკები აუცილებელია, რათა შევავსოთ არსებული საინვესტიციო დეფიციტი საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი ინტერესებისთვის"
თანამედროვე სამყაროში, საჯარო ბანკი განიხილება, როგორც ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი. ამასთან, ეკონომიკური კრიზისების სტაბილიზატორიც.
რამდენიმე საჯარო ბანკი მსოფლიოში
საჯარო ბანკების წარმატება უდავოა სხვადასხვა კონტინენტზე, ქვეყნებსა და პოლიტეკონომიურ განზომილებებში. უამრავ ქვეყანაში, საჯარო ბანკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივი სიკეთეების დაფინანსებასა და საბანკო სერვისების მიწოდებაში.
გერმანიის KfW Bankengruppe: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საჯარო ბანკი, KfW 1948 წელს დაარსდა - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიის რეკონსტრუქციის მიზნით. დღეს KfW მნიშვნელოვან როლს ასრულებს მწვანე ენერგიის პროექტების, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) და ინოვაციების დაფინანსებაში. ეკონომისტი მარიანა მაზუკატო აღნიშნავს:
"KfW ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ საჯარო ბანკებს არა მხოლოდ ინოვაციების დაფინანსება, არამედ მათ სწორი მიმართულება მისცენ საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნებისკენ."
ჩრდილოეთ დაკოტას ბანკი (BND): 1919 წელს დაარსებული ჩრდილოეთ დაკოტას ბანკი არის ერთადერთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკი შეერთებულ შტატებში. BND წარმატებულია ადგილობრივი ბიზნესების, სოფლის მეურნეობისა და განათლების მხარდაჭერაში. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, BND სტაბილური დარჩა და განაგრძო კრედიტების გაცემა, მაშინ, როდესაც უმრავმა კერძო ბანკმა სესხების გაცემა შეაჩერა. კონტრაციკლური სესხების მეშვეობით, საჯარო ბანკი ახერხებს ფინანსური კრიზისის დროს ეკონომიკის სტიმულირებას.
Banco do Brasil: როგორც ერთ-ერთი უდიდესი საჯარო ბანკი მსოფლიოში, Banco do Brasil მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრედიტების მიწოდებაში, განსაკუთრებით ფერმერებისთვისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ასევე სოციალურ პროექტებში.
ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი: ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საჯარო ბანკი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს სოფლის განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტების მეშვეობით, ჩინეთმა შეძლო სოფლადმცხოვრები და ურბანული მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთმანეთთან სწრაფი დაახლოვება.
მსოფლიოში უამრავი საჯარო ბანკია, რომელთა შესახებ დეტალურად და სათითაოდ მოგიყვებით სხვა სტატიებში. საქართველოს საბანკო სექტორი და საჯარო ბანკების აუცილებლობა
საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების საპირისპიროდ, საქართველოს საბანკო სექტორი მთლიანად კერძო ბანკების მიერ არის გაკონტროლებული, სადაც თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი ქვეყნის საბანკო სისტემის 80%-ზე მეტს ფლობენ. ეს კონცენტრაცია შემაშფოთებელია კონკურენციისა და ფინანსური ინკლუზიურობის მხრივ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისა და პირებისთვის, რომლებსაც კრედიტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა აქვთ.
კერძო ბანკები უპირატესობას ანიჭებენ კორპორაციულ კლიენტებს და ნაკლებად აფინანსებენ გრძელვადიან სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შედეგად, ეს ხელს უწყობს ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ართულებს სესხის აღებას როგორც მცირე საწარმოებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. სახელმწიფო ჩარევის ნაკლებობა ნიშნავს, რომ ბანკებს ნაკლებად აქვთ საზოგადოებრივი ინტერესების დაფინანსების სტიმული.
ეკონომისტი იანის ვარუფაკისი საჯარო ბანკების ნაკლებობის შესახებ ამბობს:
"საჯარო ბანკების გარეშე, ფინანსური სექტორი ხდება ოლიგოპოლია, რომელიც ემსახურება მხოლოდ მცირე ჯგუფს, დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე. საჯარო ბანკების არქონა მოქალაქეებს ართმევს ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის შესაძლებლობებს"
საჯარო ბანკები, როგორც ფინანსური დემოკრატიზაციის გზა საქართველოში
საჯარო ბანკის შექმნა საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყნის ფინანსური სისტემის დემოკრატიზაციისკენ. საჯარო ბანკი შეძლებს უზრუნველყოს ხელმისაწვდომი კრედიტები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, დააფინანსოს გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, გააფართოვოს ფინანსური სერვისები საქართველოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ბანკის მოგება კვლავ ქვეყნის ეკონომიკაში დარჩება და არ წავა კერძო აქციონერების ჯიბეში ქვეყნის გარეთ.
ასევე, საჯარო ბანკი გააძლიერებს კონკურენციას საბანკო სექტორში, შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს და აიძულებს კერძო ბანკებს, უკეთესი პირობები შესთავაზონ მომხმარებლებს. საჯარო ბანკების მეშვეობით, საქართველო შეძლებს უფრო წარმატებულად განახორციელოს გრძელვადიანი განვითარების ხედვები.
პროფესორი რიჩარდ ვოლფი საჯარო ბანკების მნიშვნელობაზე: "საჯარო ბანკები არის ფინანსების დემოკრატიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. მისი მეშვეობით ხალხს კორპორაციებისგან ეკონომიკური სუვერენიტეტის მოპოვება შეუძლია"
საჯარო ბანკის შექმნა საქართველოში გახდება პირველი ნაბიჯი ფინანსური სისტემის დემოკრატიზაციისა და დეკოლონიზაციის გზაზე, რომლის წყალბითაც შესაძლებელი იქნება კაპიტალის ნაკადების მიმართვა პროდუქტიულ და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებზე, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უფრო თანასწორ ეკონომიკურ ზრდას ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.