მხოლოდ შოკი. არანაირი თერაპია

შოკური თერაპია არის ეკონომიკური პოლიტიკა და გულისხმობს ცენტრალიზებული ეკონომიკიდან ბაზრის მიმართულებით სწრაფ გარდაქმნას, რომელიც ხასიათდება მასობრივი პრივატიზაციით, დერეგულაციით და სახელმწიფო სერვისების მოსპობით. ეს პოლიტიკა სრული ძალით გამოიყენეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პერესტროიკა ("გადაწყობა") იყო პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მიხეილ გორბაჩოვმა 1980-იან წლებში წამოიწყო და მიზნად ისახავდა საბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის რეფორმირებას, რამაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი.

შოკური თერაპიის შედეგები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კატასტროფული იყო. ეკონომიკური კეთილდღეობის ნაცვლად, მან გამოიწვია სიღარიბის, სიკვდილიანობის და ეკონომიკური უთანასწორობის მკვეთრი ზრდა.


პერესტროიკა, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის მიზანმიმართული პოლიტიკა

პერესტროიკა 1985 წელს მიხეილ გორბაჩოვმა ოფიციალურად სსრკ-ს ახალ პოლიტიკად დააწესა, როგორც მრავალშრიანი რეფორმებისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის განახლებას. თავდაპირველად, გორბაჩოვის ოფიციალური პოზიციით, მას სურდა სოციალიზმის აღორძინება დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის მეშვეობით. თუმცა, არაერთი მეცნიერის აზრით, პერესტროიკა იყო საბჭოთა სისტემის დაშლის სტრატეგია, რომელიც ნეოლიბერალიზმს გზას გაუხსნიდა.

პოლიტიკური თეორეტიკოსი ბორის კაგარლიცკი აღნიშნავს რომ:

„პერესტროიკა სოციალიზმის რეფორმას არ ითვალისწინებდა, ის მიზნად ისახავდა მის დაშლას 'მოდერნიზაციის' საბაბით. გორბაჩოვის დასავლური და ნეოლიბერალი ეკონომისტების მხარდაჭერა ნათლად აჩვენებდა, რომ ეს იყო ორგანიზებული მცდელობა საბჭოთა სახელმწიფოს დასუსტებისთვის ან დაშლისთვის.“

ავტორები დევიდ კოცი და ფრედ უეირი, აღნიშნავენ, რომ პერესტროიკის საბოლოო მიზანი საბჭოთა სისტემის დაშლა იყო, რაც გლობალური და ადგილობრივი ოლიგარქიული კაპიტალიზმის აღმავლობას გამოიწვევდა. პერესტროიკის წარუმატებლობა, რომელმაც ვერ დაიცვა სოციალური პროგრამები და სახელმწიფო ინდუსტრიები, ნეოლიბერალური ტრანსფორმაციისთვის ნიადაგს ქმნიდა, რამაც მილიონებით ადამიანის სიღატაკე გამოიწვია. ასევე, ეკონომისტი ჯეფრი საქსი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების ეკონომიკურ კონსულტაციაში, ფართოდ არის ცნობილი (ან გაკრიტიკებული) ნეოლიბერალური რეფორმების, მათ შორის შოკური თერაპიის მხარდაჭერისთვის. მისი რეკომენდაციების მიხედვით, სწრაფი პრივატიზაციის, ბაზრის ლიბერალიზაციის და დერეგულაციის პოლიტიკები დაინერგა რუსეთში და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რამაც ეკონომიკური და სოციალური კოლაფსი გამოიწვია. დღეის მდგომარეობით, ჯეფრი საქსი, თავად ამხელს და აკრიტიკებს ნეოლიებრალიზმს, რომელსაც უსასტიკეს შეცდომას უწოდებს. მისი სიტყვებია "ისტორიას მდიდრები წერენ. ყველაფერი ცუდი კი ღარიბებს ბრალდებათ" - რაც პრინციპში ზუსტად აღწერს საქართველოში განხორციელებული შოკური თერაპიის, 90-იანების შესახებ დამკვიდრებულ ნარატივებს მედიასა და საჯარო სივრცეში - "ხალხმა გაძარცვა ქვეყანა. ჯართად ჩააბარეს" და ა.შ.

ნეოლიბერალიზმის ექსპანცია საბჭოთა კავშირის დაშლით და წინაღობები, რომელსაც ის სახელმწიფო გადატრიალებებით დაუპირისპირდა. აშშ, როგორც ნეოლიბერალური იმპერიის ცენტრი, აქტიურად უჭერდა მხარს გორბაჩოვის რეფორმებს, რომელიც მისი წყალობით პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელების დამყარების შესაძლებლობას ხედავდა. 90-იანების დასაწყისში, აშშ ღიად და ოფიციალურად უჭერდა მხარს სხვადასხვა სამხედრო / სახელმწიფო გადატრიალებებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. თენგიზ სიგუა ჩანაწერში ამბობს, რომ "იმ კაცს [ზვიად გამსახურდიას] უნდა სოციალისტური სტრუქტურა [ ანუ წინააღმდეგი იყო შოკური თერაპიის. სწრაფი პრივატიზაცია-დერეგულაციის ] ..... ჩამოსული იყო აშშ-ს კონსული და გადასცა, რომ აშშ მას ამის გამო ზურგს აქცევს", ამას მოჰყვა ჯორჯ ბუშ უფროსის განცხადება "დინების საწინააღმდეგოდ ცურვის" შესახებ, საიდანაც რამდენიმე თვეში საქართველოში "სამოქალაქო ომი" დაიწყო. რუსეთის შემთხვევაში, შოკურ თერაპის წინ აღუდგა რუსეთის პარლამენტი, რომელმაც 636 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორის ელცინის იმპიჩმეტის გამოაცხადა. ამაზე პასუხად, ელცინმა სამხედროების ნაწილის დახმარებით იერიში მიიტანა პარლამენტის შენობაზე და 100-ზე მეტი მშვიდობიანი მომიტინგე მოკლეს მოსკოვის ქუჩებში. საქართველოშიც და რუსეთშიც, ორივე პუტჩის შემდეგ შოკური თერაპიიის პოლიტიკა შეუფერხებლად და "წარმატებით" განხორციელდა. სოციოლოგი და მკვლევარი ნაომი ქლაინი, საკუთარ წიგნში „შოკის დოქტრინა“, ამტკიცებს, რომ პოსტ-საბჭოთა გარდამავალ პერიოდში ნეოლიბერალური ელიტები იყენებდნენ ან/და ქმნიდნენ კრიზისებს, რათა განეხორციელებინათ რადიკალური ეკონომიკური ცვლილებები. ქლაინი წერს:

„რუსეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამოყენებული შოკური თერაპია, რომელიც მხარდაჭერილი იყო აშშ-ისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, არის "კატასტროფული კაპიტალიზმის" ერთგვარი სახელმძღვანელო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქაოსის გამოყენებით გამართლდა რადიკალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მასიური პრივატიზაციისა და დერეგულაციის გზით, სიმდიდრის კონცენტრაციას უწყობდა ხელს“

სიღარიბე, სიკვდილიანობა და სოციალური კატასტროფა: შოკური თერაპიის ადამიანური განზომილება შოკური თერაპიის განხორციელება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სერიოზული სოციალური და ეკონომიკური შედეგების გამომწვევი გახდა. მსოფლიო ბანკისა და იუნისეფის მონაცემებით, სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა რუსეთში 1989 წელს 2 მილიონიდან 1990-იან წლებში 74 მილიონამდე გაიზარდა, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით, ყოფილ მონოინდუსტრიულ ქალაქებში, სადაც მთელი ურბანული დასახლებები სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 1994 წლისთვის რუსეთში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 64 წლიდან 57 წლამდე დაეცა, ხოლო ზოგიერთი შეფასებით, ეკონომიკურ შოკს 3 მილიონამდე ადრეული სიკვდილი მიეწერება. მასიურმა უმუშევრობამ და სიღარიბემ, უკონტროლო კრიმინალურმა სამყარომ - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კრიმინალის, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება მკვეთრად გაზარდა.

დევიდ სტაკლერისა და სანჯაი ბასუს კვლევა ხაზგამსით გვაჩვენებს, თუ როგორ გამოიწვია ნეოლიბერალურმა რეფორმებმა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში მასობრივი უმუშევრობა, სოციალური დეზინტეგრაცია და ჯანდაცვის კრიზისი:

„კაპიტალიზმზე სწრაფი გადასვლა შოკური თერაპიის გზით, სოციალური დაცვის გარეშე, თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჯანდაცვის კრიზისის მიზეზი გახდა. სიკვდილიანობის ზრდა და სოციალური უსაფრთხოების ქსელების კოლაფსი იყო შოკური თერაპიის პირდაპირი შედეგი.“

საქართველოში, 1991 წელს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გადატრიალების შემდეგ ეკონომიკური კოლაფსმა ჰიპერინფლაცია, მასობრივი უმუშევრობა და ცხოვრების დონის ვარდნა გამოიწვია. გამსახურდია, რომელიც პირდაპირ ყვება ერთ-ერთ გამოსვლაში თუ რ მოყვება ხელისუფლების დამხობას, ნათლად აჩვენებს, რომ მას არამხოლოდ ვარაუდები ჰქონდა, არამედ კონკრეტული ცოდნა იმის შესახებ თუ რა ტიპის "რეფორმები" იყო დაგეგმილი, რომელზეც მან უარი განაცხადა. ნაომი ქლაინის „შოკის დოქტრინა“: კატასტროფული კაპიტალიზმის აღზევება

კანადელი სოციოლოგის ნაომი ქლაინის „შოკის დოქტრინა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ჩარჩოს იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყენეს შოკური თერაპია ნეოლიბერალიზმის ძალადობრივად დამყარებისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ქლაინი ამტკიცებს, რომ ელიტები კრიზისულ მომენტებს – იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ბუნებრივი კატასტროფა – იყენებენ ნეოლიბერალიზმის დასამკვიდრებლად, რადგან ამ "რეფორმების" დემოკრატიული წესით გატარება თითქმის შეუძლებელია - მას არასდროს ექნება სახალხო მხარდაჭერა.

ქლაინის წიგნში, კვლევის ძირითადი ტერიტორია რუსეთის ფედერაციია. თუმცა, 90-იანების შოკური თერაპია თითქმის იდენტური პოლიტიკებითა და მსვლელობით წარიმართა სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - მათ შორის საქართველოშიც. რუსეთში შოკურმა თერაპიამ მხოლოდ ათეულობით ადამიანს უსწრაფესი გამდიდრების საშუალება მისცა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მეშვეობით, ხოლო მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა.

ავტორი წიგნში წერს:

„რუსი ოლიგარქები შოკური თერაპიის პროდუქტები არიან – ყოფილი ბიუროკრატები და ბიზნესმენები, რომლებმაც უზარმაზარი სიმდიდრე მოიპოვეს საბჭოთა კავშირის კოლაფსის და სახელმწიფო ქონების სწრაფი გაყიდვის წყალობით. ამავდროულად, მოსახლეობის უმრავლესობა იძულებული გახდა საკუთარ თავზე გამოეცადა ნეოლიბერალიზმით გამოწვეული სიღატაკე"

"შოკის დოქტრინაში" ნაომი ქლაინი ასეთ რამე ამბობს, რაც ამ სტატიის ფინალისთვისაც გამოგვადგება. "შოკების კვლევის დროს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევიმეცე. შოკი დროებითია, ის არსით წარმავალია - მთავარია იცოდე რა ხდება შენს გარშემო და რატომ - მხოლოდ ასე შეძლებ დააღწიო თავი ტანჯვის მარადიულ ციკლს და იბრძოლო რეალობის შეცვლისკენ"

Previous
Previous

სახელმწიფო გველეშაპის მითი: როგორ იყენებს ნეოლიბერალიზმი შიშს სოციალური პროგრესის შესაჩერებლად

Next
Next

ინოვაციებისა და საზოგადოებრივი მიზნების ეკონომიკური განზომილება - მარიანა მაცუკატო