კოოპერატიული ბანკი

კოოპერატიული ბანკი წარმოადგენს პროგრესულ ფინანსურ მოდელს, რომელიც უნიკალურად არის ადაპტირებული ეკონომიკური უთანასწორობისა და მდგრადი განვითარების გამოწვევების დასაძლევად. ურთიერთდახმარების, კოლექტიური საკუთრებისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული კოოპერატიული ბანკინგი საუკუნეებში განვითარდა როგორც სოციალური და ეკონომიკური პროგრესის ხელშემწყობი მექანიზმი. ამ წერილში შევეცდებით მოკლედ დაგანახებთ კოოპერატიული ბანკის ისტორიულ განვითარებას, საოპერაციო ჩარჩოებს, გლობალურ წარმატებებს და მომავლის პოტენციალს.

ბანკი. კოოპერატიული ბანკი

კოოპერატიული ბანკი. საფრანგეთი

კოოპერატიული ბანკინგის ისტორიული განვითარება

კოოპერატიული ბანკინგის წარმოშობა უკავშირდება მე-19 საუკუნის ეკონომიკურ კრიზისებს, რომლებიც ინდუსტრიალიზაცითა და ლიბერალური თავისუფალი ბაზრით იყო გამოწვეული. 1844 წელს ინგლისში „როჩდეილის სამართლიანი პიონერების საზოგადოებამ“ ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი კოოპერატიული მოძრაობის პრინციპებს, რომლებმაც შემდეგ გავლენა მოახდინეს ყველა ტიპის კოოპერატიულ გაერთიანებებზე. პარალელურად, გერმანიაში ფრიდრიხ ვილჰელმ რაიფაიზენმა და ჰერმან შულცე-დელიჩმა დამოუკიდებლად შექმნეს ფინანსური მოდელები, რომლებიც მორგებული იყო სოფლისა და ურბანული საზოგადოების საჭიროებებზე.

რაიფაიზენი და შულცე-დელიჩი

რაიფაიზენის სოფლის საკრედიტო კავშირები დაფუძნებული იყო თვითდახმარების და სოლიდარობის პრინციპებზე, რაც ფერმერებს ხელმისაწვდომ კრედიტზე წვდომას აძლევდა, რათა მათ უსამართლო საკრედიტო მახეებისგან თავის დაღწევა შეძლებოდათ. შულცე-დელიჩის ურბანული მოდელები ემსახურებოდნენ ხელოსნებს და მცირე საწარმოებს, აქცენტს აკეთებდნენ ეფექტურობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე. ეს ინიციატივები საფუძვლად დაედო ისეთ ძირეულ პრინციპებს, როგორებიცაა საზოგადოებრივი საკუთრება, ურთიერთდახმარება და რესურსების სამართლიანი განაწილება.

უკვე მეოცე საუკუნეში კოოპერატიული ბანკების რაოდენობა ყველა ქვეყანაში იზრდება. პოლანის (1944) და ოსტრომის (1990) მსგავსმა მეცნიერებმა კოოპერატიული ბანკინგი გაიაზრეს ბაზრის ჩავარდნებისა და ინსტიტუციური ვაკუუმების კონტექსტში, სადაც ეს ინსტიტუტები წარმოადგენდნენ როგორც რეაქციას, ისე კრიტიკას ექსპლუატაციური ფინანსური სისტემების მიმართ.

კოოპერატიული ბანკები გამოირჩევიან კომერციული ბანკებისგან მათი საკუთრების სტრუქტურით, საოპერაციო პრიორიტეტებით და მართვის მოდელით. იმ დროს, როდესაც აქციონერულ მოდელების პრიორიტეტი მოგების  მაქსიმიზაციაა, კოოპერატიული ბანკები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ პრინციპით "ერთი წევრი - ერთი ხმა," რაცგადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც დემოკრატიულ მონაწილეობას უზრუნველყოფს ფინანსური წვლილის მიუხედავად.

ძირითადი საოპერაციო ელემენტები

  1. ხელმისაწვდომი კრედიტი: კოოპერატიული ბანკები პრიორიტეტს ანიჭებენ ხელმისაწვდომობას, სთავაზობენ სესხებს კონკურენტული განაკვეთებით, რომლებიც მორგებულია მათი წევრების საჭიროებებზე.

  2. დანაზოგების მობილიზაცია: წევრების დანაზოგების წახალისებით, კოოპერატიული ბანკები ქმნიან მდგრად კაპიტალურ ბაზებს და ხელს უწყობენ ფინანსურ დისციპლინასა და მდგრადობას.

  3. მოგების განაწილება: შემოსავალი რეინვესტირდება საზოგადოებრივი განვითარების პროექტებში ან სამართლიანად ნაწილდება წევრებს შორის, რაც აძლიერებს თავის მხრივ აძლიერებს მათ სახელმწიფოებრივ და სოციალურ შინაარსსაც. 

ეკონომისტები, როგორიცაა ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ შტიგლიცი (1993) და ამარტია სენი (1999), ხაზს უსვამენ ასეთ მოდელების მნიშვნელობას თანასწორობისა და ბაზრის არაეფექტიანობით გამოწვეული რეგრესის დაძლევაში. სტიგლიცი აღნიშნავს, რომ „საზოგადოებაზე დაფუძნებული ფინანსური ინსტიტუტები უზრუნველყოფენ სტაბილურობასა და ჩართულობას, რაშიც კომერციული ბანკები მოიკოჭლებენ”. 

რამდენიმე კოოპერატიული ბანკი მსოფლიოში: 

ევროპა

  • Rabobank (ნიდერლანდები): თავდაპირველად ფერმერების კოოპერატივი, რადობანკი გადაიქცა გლობალურ ლიდერად მდგრად ფინანსებში, მხარს უჭერს ინიციატივებს, როგორიცაა განახლებადი ენერგოპროექტები, სოციალური საცხოვრისი და სხვა. .

  • Credit Agricole (საფრანგეთი): ცნობილი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერით, მათ შორის თანამედროვე მორწყვის სისტემების დაფინანსებითა თუ სხვა საჯარო ინფრასტრუქტული პროექტებით.  

  • Caja Rural Group (ესპანეთი): აქტიურად უჭერს მხარს აგრარულ მცირე და საშუალო საწარმოებსა. ასევე მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი სტარტაპების მხარდაჭერაა. 

აზია

  • Shinkin Banks (იაპონია): მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ინოვაციების დანერგვის წახალისებითა და დაფინანსებით არის ცნობილი.

  • IFFCO Bank (ინდოეთი): აგრარული ფინანსირების პიონერი, რომლის წყალობითაც მიკრო-მორწყვითი სისტემებისა და სასუქის კოოპერატიული განაწილების ქსელი განვითარდა

ჩრდილოეთ ამერიკა

  • Desjardins Group (კანადა): ცნობილია სოციალური საწარმოების და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მხარდაჭერით.

სამხრეთ ამერიკა

  • Banco Credicoop (არგენტინა):მისი ფართომასშტაბიანი პროექტებით ადასტურებს  კოოპერატიული ბანკინგის პოტენციალს ადგილობრივი კვების სისტემებისა და აგრარული კოოპერატივების განვითარებაში.


ემპირიული კვლევები აჩვენებს, რომ კოოპერატიული ბანკები ფინანსური კრიზისების დროს გამოირჩევიან მაღალი მდგრადობით (Hesse & Cihak, 2007) და კომერციულ ბანკებთან შედარებით, ბევრად მაღალია კმაყოფილი მონაწილეების მაჩვენებელი(Birchall, 2013). მათი სოციალური ბუნება და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ხედვა, საშუალებას იძლევა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროგრესული მოდელების განვითარებისთვის.





Previous
Previous

არამომგებიანი კლინიკები

Next
Next

ბაზრის მითი: ნეოლიბერალური ეკონომიკის 10 ჩავარდნა და პროგრესული ალტერნატივა