არამომგებიანი კლინიკები

ჯანდაცვა ადამიანის გარანტირებული უფლებაა!

საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღეს იგი ძირითადად კერძო სექტორით არის წარმოდგენილი. არსებული მონაცემებით, ქვეყნის კლინიკების დაახლოებით 95% კერძო მფლობელობაშია. თუმცა, ისინი დაფინანსების დიდი ნაწილი სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან იღებენ. სისტემაში გამოვლინდა ისეთი სირთულეები, როგორიცაა ფინანსური არაეფექტიანობა, მოგებაზე ორიენტირებული მიდგომა და ჯანდაცვის სერვისებზე მოქალაქეთა არათანაბარი წვდომა. მრავალი ქვეყნის, მათ შორის გერმანიისაც, მაგალითის გათვალისწინებით, სადაც არაკომერციული კლინიკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართლიანი და ეფექტიანი ჯანდაცვის მოდელში, საქართველოს შეუძლია ამ გამოწვევებზე უკეთესი პასუხის გაცემა და სისტემის გაუმჯობესება.

საქართველოში ჯანდაცვის სისტემის კერძო კლინიკებზე დამოკიდებულება იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვასა და სექტორის საგანგაშო კომერციალიზაციას. კერძო კლინიკები, რომლებიც საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან ფინანსდებიან, ხშირად მხოლოდ მოგების გაზრდით არიან დაინტერესებული, რაც წინააღმდეგობაშია სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.
მსოფლიო ბანკის 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ჯანდაცვის საერთო
ხარჯების 56%-ს პაციენტები საკუთარი ჯიბიდან იხდიან, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ევროკავშირის ასოცირებულ წევრ სახელმწიფოებშიც კი. ეს ფინანსური ტვირთი ხელს უშლის პაციენტებს დროული და პროფილაქტიკური სამედიცინო მომსახურების მიღებაში, რაც მომავალში ხარჯების ზრდას და ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონები კვლავ არასათანადოდ არის დაფარული და თითქმის ყველა მხარეში ჯანდაცვის სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობა თვალნათელია. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 35% სოფლად ცხოვრობს, თუმცა ჯანდაცვის დაწესებულებების მხოლოდ 12% მდებარეობს  რეგიონებში (UNICEF, 2020).

ეს უთანასწორობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის შედეგებში მნიშვნელოვან განსხვავებებს, რაც გამოიხატება, მაგალითად, ჩვილთა სიკვდილიანობისა და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის შეფერხებაში.

გერმანიის მაგალითი: არამომგებიანი კლინიკების როლი

გერმანია წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს თუ როგორ შეიძლება გამოწვევებზე პასუხი არაკომერციული კლინიკების განვითარებითა და წახალისებით. გერმანიაში ასეთი კლინიკები ფუნქციონირებს იმ პრინციპით, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ხარჯებს ფარავენ და ნებისმიერი ზედმეტი შემოსავალი წესდებითვე რეინვესტირდება პაციენტების მომსახურებაში, ინფრასტრუქტურასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინიციატივებში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს რესურსების უშუალოდ მოსახლეობისა და ზოგადად სამედიცინო სფეროს სასარგებლოდ გამოყენებას.

გერმანიის არამომგებიანი კლინიკები ემსახურებიან მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებს, ლტოლვილებსა და სოფლის თემებს. მაგალითად, Caritas-ის ქსელი მართავს 600-ზე მეტ ამბულატორიულ და საავადმყოფო კლინიკას, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხიან მომსახურებას არაკომერციული მიზნებით. გერმანიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის 2021 წლის მონაცემებით, საქველმოქმედო კლინიკები 15–20%-ით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე კერძო კლინიკები -  თანაც უკეთესი სამედიცინო შედეგებით.

არაკომერციული კლინიკები ხშირად თანამშრომლობენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინიციატივებთან, რაც მოიცავს, მაგალითად, კვებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. Malteser International-ის მაგალითზე, ჯანმრთელობის განათლებისა და სამედიცინო მომსახურების ინტეგრაცია მნიშვნელოვნად ამცირებს პროფილაქტიკურ დაავადებათა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას.

გერმანიის მოდელის წარმატება კარგად ჩანს მისი ჯანმრთელობის მაჩვენებლებში. ქვეყნის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელია, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება, ხოლო ჩვილთა სიკვდილიანობა 1,000 ახალშობილზე მხოლოდ 3.1-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ეს შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ არამომგებიან კლინიკებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მთლიანი სექტორის ეფექტურობაში.

გერმანიის გარდა, სხვა ქვეყნებშიც მრავალი მაგალითი მოწმობს არაკომერციული კლინიკების წარმატებას:

  • აშშ: ფედერალური ჯანმრთელობის ცენტრები (FQHC) 30 მილიონზე მეტ პაციენტს ემსახურებიან ყოველწლიურად და დაჯანდაცვის სისტემას $24 მილიარდით ზოგავენ გადაუდებელი ვიზიტებისა და ჰოსპიტალიზაციის შემცირებით.

  • ინდოეთი: Aravind Eye Care System-მა, არაკომერციულმა ორგანიზაციამ, ექვს მილიონზე მეტი თვალის ოპერაცია ჩაატარა დაბალი ხარჯებით ან სრულიად უფასოდ, პროგრამის წყალობით მილიონობით ადამიანის მხედველობა დაუბრუნდა.

  • რუანდა: Partners in Health-მა ხელი შეუწყო დედათა სიკვდილიანობის შემცირებას 50%-ით იმ რეგიონებში, სადაც მათი ცენტრები მუშაობენ. მსარგებელი საქართველოსთვის

საქართველოში საქველმოქმედო კლინიკების განვითარება და სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადება მნიშვნელოვანად გააჯანსაღებს მკვეთრად კომერციალიზებულ ჯანდაცვის სისტემას. არამომგებიანი კლინიკები ბევრად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის და სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამით კერძო კლინიკების მოგებას არ დავაფინანსებდით.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულად პოზიტიური როლი შეუძლია შეასრულოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ინსტიტუციებს, რომელთაც ისედაც აქვთ რამდენიმე ასეთი ინიციატივა. სწორი საკონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში არაკომერციული კლინიკების რაოდენობა სწრაფად გაიზრდებოდა. 


Previous
Previous

ჩინეთის ახალი მემარცხენე მოძრაობა - ცუი ჟიუანი

Next
Next

კოოპერატიული ბანკი