‘იდენტობის პოლიტიკის დასარული.
იდენტობის პოლიტიკა წარმოშობს იმგვარს პროცესს, რომელიც ცალსახად უფრო ხელს უშლის, ვიდრე ხელს უწყობს საზოგადოების პროგრესსა და ერთობას. მას განვიხილავთ, როგორც საზოგადოების დაშლის პოლიტიკას, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს სოლიდარობას საერთო სახალხო მიზნების მისაღწევად. ნეოლიბერალიზმი, რომელიც სამყაროს ბოლო ათწლეულებია იმონებს და წამლავს. ახდენს იდენტობის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაციას საზოგადოების დანაწევრებისა და გადამტერებისთვის. ამ პროცესის მეშვეობით, ნეოლიბერალური სისტემა მიზანმიმართულად ქმნის და ახალისებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წინააღმდეგობას ერთმანეთის მიმართ, რაც ხელს უშლის რეალური წინააღმდეგობის ჩამოყალიბებას უზარმაზარი და უძლიერესი მტაცებრული და მკვლელი სისტემების წინააღმდეგ, რომელთა დაძლევა მხოლოდ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გაერთიანებითაა შესაძლებელი. მაგალითად, მისი მეშვეობით მუდმივად ხდება ყურადღების, მსჯელობის თუ კრიტიკის ცენტრის გადატანა ადამიანების ინდივიდუალურ განსხვავებებზე, ვიდრე საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გამოკვეთაზე.
იდენტობის პოლიტიკის უმწვავესი კრიტიკა მიმდინარეობს თავად ქვიარ საზოგადოების წიაღშიც. ბევრი მათგანი – როგორც აქტივისტურ წრეებში, ისე აკადემიურ სამყაროში, ფიქრობს, რომ ის აძლიერებს სტიგმატიზაციას და შიდა დაძაბულობას თავად თემშიც. შესაბამისად, ის საჭიროებს სიღრმისეულ გადახედვას და ანალიზს. ამას ემატება, არსებული პოლიტიკური რეალობა, რომელმაც ნათლად დაანახა ყველას თუ როგორი საეჭვო ორგანიზაციები, ფონდები და პირდაპირ სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული და ომის დანაშაულებებში მხილებული ხალხი იმალება იდენტობის პოლიტიკის სისტემურ დანერგვის უკან. რაც რა თქმა უნდა, დამატებით კითხვებსა და ეჭვების საფუძველს აჩენს მის მიმართ.
გენდერული იდეოლოგიის პრობლემა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. საკმაოდ ლიბერალური განწყობების რომის პაპმა ფრანცისკემაც კი, სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა რომ “გენდერული იდეოლოგია თანამედროვე სამყაროს ყველაზე მახინჯი და საშიში გამოწვევაა”. სქესის გაქრობის ფილოსოფია არამარტო ანტიმეცნიერულია, არამედ,ანტისოციალურია და წარმოადგენს საშიშ იდეოლოგიურ ექსპერიმენტს - გაურკვეველია ეს პროპაგანდა რა გავლენას იქონიებს კაცობრიობის მენტალურ ჯანმრთელობაზე მომავალ თაობებში.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანის უფლებები, უნდა იყოს დაცული. თუმცა, დღევანდელი რეალობა გვეუბნება , რომ ამ საკითხებს სამოქალაქო და პოლიტიკურ ველში წარმოადგენენ ორგანიზაციები / პირები, რომელთა კავშირი იმ ხალხის უმრავლესობასთან, რომელთა სახელითაც ისინი საუბრობენ არ არის პირდაპირ დადგენილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად მათი მოწინააღმდეგე კონსერვატიული ძალებიც უცხო ქვეყნის ინტერესებთან არიან დაკავშირებული, რაც ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების მარადიული ციკლით დაინტერესებაზე მიუთითებს – სხვადასხვა დიდი გეოპოლიტიკური ძალებისგან.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალია უზრუნველყოს თითოეული მისი მოქალაქის უფლებების დაცვა, რომელიც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში. ამასთან, შექმნას სახელმწიფოებრივი ჩარჩო და პოლიტიკა, რომელიც მსგავსი საკითხების გადაჭრა / განახლება კონსტრუქციული გზითა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გზით, დემოკრატიული პრინციპების დაცვით იქნება მიღწეული.