საქართველო და ევროკავშირი

“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იყოს კავკასიის შუაგულში და ამავდროულად, მისი კულტურული და პოლიტიკური ისტორიის, სისტემების გამო, ევროკავშირის წევრიც. ეს ნამდვილად მიმზიდველი სახელმწიფოებრივი პროექტია ჩვენთვის, თუ მას ევროკომისიის კოლონიალური პოლიტიკისაგან და ჩვენი ადგილობრივი ოლიგარქიული პოლიტიკური კლასის ნეოლიბერალური ტანდემისგან გავათავისუფლებთ.

პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის დეკოლონიზაცია

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის დეკოლონიზაცია. შეუძლებელია ეკონომიკური განვითარების და სოციალური კეთილდღეობის მიღწევა, როდესაც ევროპული და ამერიკული კომერციული ბანკები მთლიანი ქვეყნის ფინანსიალიზაციით და მაღალპროცენტიანი დაკრედიტებით არიან დაკავებული.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (თიბისი ბანკის 8 % მეწილე), მსოფლიო ბანკის და სხვათა კოლონიზატორული პოლიტიკები უკვე დიდი ხანია ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის მთელ მსოფლიოში  – ამ მავნე პოლიტიკების შედეგებს საქართველოს მოსახლეობა საკუთარ თავზე ხედავს.

ევროკავშირი  უნდა დაეხმაროს მსხვილი ინდუსტრიებისა და საგანმანათლებლო სექტორების განვითარებას, რადგან მცირე-საშუალო ზომის ინიციატივების ვიწრო სელექციური მხარდაჭერა არ არის საკმარისი.საერთო ევროპული იდეა და ფასეულობები პირველ რიგში ელემენტარულ სამართლიანობას გულისხმობს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკებში. აუცილებელია ფართო და გრძელვადიანი ინვესტიციები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის მდგრად განვითარებას და მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რომელიც საერთო ეკონომიკური კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული პრივილეგიების გამოყენება

საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული პრივილეგიები განათლების, ჯანდაცვის, საჯარო ბანკების და სხვადასხვა სოციალური სერვისების განვითარებისთვის საერთო ევროპული კოლაბორაციის გზით. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას სწორედ ეკონომიკური და სოციალური საკითხების გამო უჭერს. თუმცა, პოლიტიკური კლასი, ევროკომისია და სხვა აქტორები არასდროს არტიკულირებენ ან ავრცელებენ ცოდნას ამ მიმართულებით. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რათა უმარტივესი განვითარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები ხალხისთვის ცხადი არ გახდეს. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ კონკრეტულად რა გვინდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობიდან და რამდენი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი აქამდე და როგორი მარტივია მათი ახლაც გამართვა.

  • განათლება: პარტნიორობა ევროპულ უნივერსიტეტებთან, გაცვლითი პროგრამების და კვლევითი პროექტების მხარდაჭერა. არასებული შესაძლებლობები და ქართული აკადემიური სექტორის მხარდაჭერა არასაკმარისი და ფრაგმენტულია.

  • ჯანდაცვა: ერთობლივი სამედიცინო კვლევები და პროექტები, რაც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ხარისხს და ხელმისაწვდომობას.

  • საჯარო ბანკები: ევროკავშირის მხარდაჭერით საჯარო ბანკების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დაბალი საპროცენტო განაკვეთებით.

  • სოციალური სერვისები: სოციალური სერვისების გაუმჯობესება და განვითარება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას.

  • მეცნიერება: ჩვენი ხედვის მიხედვით საქართველომ უნდა განახორციელოს ფართომასშტაბიანი აღორძინებისა და განვითარების პოლიტიკა სამეცნიერო ინსტიტუტების მიმართულებით. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან კოლაბორაცია, როგორც ამ სისტემის გამართვის ისე შემდგომში განვითარების კუთხით.

  • კულტურა: საქართველოს საკუთარი მდიდარი კულტურული ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების ყველა შრეს, აქ უზარმაზარი პოტენციალია საკუთარი დიდი წვლილი კვლავ შევიტანოთ საერთო ევროპულ კულტურაში - პროცესი, რომელიც ჩვენს უნიკალურ კავკასიური კულტურისა და სახელმწიფოებრიობის და მისი ისტორიის ნაწილია.

გეოპოლიტიკური სირთულეები და ნორვეგიული მოდელი

“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” საზოგადოების იმ აბსოლუტურ უმრავლესობაში მოიაზრებსთავს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ურთიერთობების დეკოლონიზაცია ასევე მოიცავს რეალურ რიტორიკაზე გადასვლას, რათა მარადიული მოლოდინის ბუნდოვანმა რეჟიმმა საზოგადოებაში სამართლიანი ფრუსტრაცია არ წარმოშვას.  ჩვენ ვაცნობიერებთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სირთულეებს, პირველ რიგში, უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის.

გვსურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა უახლოეს მომავალში, თუმცა, სხვდასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოსთვის ასევე საინტერესოა ნორვეგიული მოდელი, რომელიც გულისხმობს ასოცირებულ წევრობას [რაც უკვე მიღწეულია] და EEA-ში (ევროპის ეკონომიკურ ზონაში) ინტეგრაციას. პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დეკოლონიზაციის პირობებში, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და აქტივობების წყალობით, ამ მოდელმა შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას და ხელი შეუწყოს მის მდგრად განვითარებას – ასევე გახდეს სრულფასოვანი გაწევრიანების უფრო მყარი და სწრაფი საფუძველი - თუმცა, ყოველთვის ეროვნული ინტერესების გარანტირებული უპირატესობით.

Previous
Previous

იდენტობის პოლიტიკა

Next
Next

კულტურა