ბიზნესი
სოციალ-დემოკრატიული მიდგომა ბიზნესისა და სახელმწიფოს სინერგიისთვის
სოციალ-დემოკრატიული შერეული ეკონომიკის წიაღში, საბაზრო ეკონომიკას სახელმწიფო არამხოლოდ სოციალურ ჩარჩოს უქმნის, არამედ, ბიზნეს აქტიურ პარტნიორად განიხილავს ინოვაციების, ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობაში. ისტორიული თუ თანამედროვე ეკონომიკური კონტექსტების გარდა, ჩვენი ხედვა შთაგონებულია “სამეწარმეო სახელმწიფოს” '[მაცუკატო] კონცეფციით, რომელიც ქმნის სახელმწიფო სამეცნიერო და ბიზნეს მანქანას, როგორც ლოკომოტივს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაში – რათა კერძო სექტორმა შეძლოს სწრაფად და უსაფრთხოდ განვითარება თანამედროვე უკიდურესად კონკურენტულ სამყაროში. საჯარო და კერძო სექტორის სინგერგია საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უმნიშვნელოვანესია ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხისთვის.
ბიზნეს ინიციატივების სახელმწიფო დაფინანსება:
საქართველოში ბოლო ათწლეულებში უამრავი ბიზნეს სკოლა და ფაკულტეტი ჩამოყალიბა. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ ქვეყანაში გაჩნდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც მზად არის და მოწადინებულია საქართველოს ეკონომიკურ აღმშენებლობაში საკუთარი უზარმაზარი წვლილი შეიტანოს. თუმცა, მთავარი რაც ამ ტალღას აკავებს არის ინვესტიციების ნაკლებობა, მაღალპროცენტიანი ბიზნესსესხები და მხოლოდ მცირე სახელმწიფო გრანტების შესაძლებლობა.
სახელმწიფომ უნდა ითამაშოს წამყვანი როლი ბიზნეს ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის საქმეში. უნდა გაფართოვდეს / განვითარდეს არსებული და შეიქმნას ახალი სპეციალური სახელმწიფო ფონდები, რომლებიც შესთავაზებენ გრანტებს, დაბალპროცენტიან სესხებსა და სუბსიდიებს მეწარმეებს, სტარტაპებსა და არსებულ ბიზნესებს. ეს დაფინანსების მექანიზმი მიზნად ისახავს ინოვაციების კატალიზაციას, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას, მცირე და დიდი ბიზნესებისთვის შესაძლებლობების თანაბარ უზრუნველყოფას, რათა ფინანსურმა ბარიერებმა არ შეაფერხოს მეწარმეთა მოტივია ქვეყანაში დოვლათის შექმნის მიმართულებით.
მეცნიერების როლი ბიზნესში:
მეცნიერება და ბიზნესი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სამეცნიერო ინსტიტუტების განვითარების ფარგლებში [ რაც ჩვენი მეცნიერებისა და განათლების პოლიტიკის ფუნდამენტური კომპონენტია] , თითოეულ სამეცნიერო ცენტრს უნდა ჰქონდეს ბიზნესთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც მუდმივად მიაწვდის ქართველ მეწარმეებს საჯარო ინტერესთან თანხვედრაში მყოფ ახალ მიგნებებსა თუ მიდგომებს სხვადასხვა ბიზნესის განვითარებისთვის. მეცნიერული ცოდნის ბიზნეს პრაქტიკებში ინტეგრაციით, ჩვენი მიზანია ტექნოლოგიური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ინდუსტრიების წახალისება, მისი მუდმივი განვითარება და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და შერეული საკუთრების კომპანიები:
“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” ხედავს მრავალფეროვან ბიზნეს ლანდშაფტს, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და შერეული საკუთრების კომპანიებს კერძო საწარმოებთან ერთად. მკაცრად უნდა განისაზღვროს ასეთი კომპანიების სოციალური და ეკონომიკური როლი ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში. არსებობს მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობებისა, რომელიც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და წარმოადგენს საჯარო სიკეთეს. შერეული მფლობელობის მოდელები, რომლებიც აერთიანებენ საჯარო და კერძო ინივიატივებს, უზრუნველყოფენ დაბალანსებულ მიდგომას, რაც ერთის მხრივ სახელმწიფოს აძლევს საშუალებას მონაწილეობდეს ეკონომიკურ საქმიანობაში, ამავე დროს კი, ხელს უწყობდეს ჯანმრთელ კონკურენციას და ინოვაციებს მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
საზოგადოებრივი დოვლათის მშენებლობა:
“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” მუდმივად მიილტვის სხვადასხვა პროგრესული ეკონომიკური მოდელების დანერგვისკენ. საზოგადოებრივი დოვლათის მშენებლობა გახლვთ ერთ-ერთი ასეთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მოიცავს კოოპერატივების წახალისებას, საჯარო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს და სხვადსახვა ინკლუზიური ბიზნეს პრაქტიკებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკური განვითარებიდან სარგებელის თანაბარ გადანაწილებას. საზოგადოებრივი დოვლათის მშენებლობა, როგორც ეკონომიკური ხედვა უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა პრიორიტეტად. მათ მსგავსად, ჩვენი მიზანიც ისეთი ეკონომიკის შექმნაა, სადაც კეთილდღეობა ქვეყნის მოქალაქეების ყველა შრეში ვრცელდება და არავინ რჩება მიღმა.