კულტურა ადამიანის უფლებაა

საქართველო გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც გაჟღენთილია ქართული ენის, ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკისა და ტრადიციების მრავალფეროვნებით. გელათის აკადემია, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, უნიკალური არქიტექტურა და ფოლკლორი ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეროვნული იდენტობის განმტკიცებას და ჩვენი კულტურული უნიკალურობის წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე. ქართული კულტურა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ქვეყნის სულიერი და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ კონსოლიდაციას და რეგიონალურ და გლობალურ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის განსაზღვრას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურული წარსულიცა და აწმყოც ყოველთვის მოიაზრებდა საკუთარ წიაღში იმ მრავალეთნიკურობას, რომელიც თანაბრად მონაწილეობდა საერთო ქართული კულტურის შექმნაში ყველა მისი თავისებურებითა და მრავალფეროვნებით.

დღეს, საქართველოს კულტურული სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. კულტურული ინსტიტუტების ავტონომიის ნაკლებობა და მცირე დაფინანსება მნიშვნელოვნად ზღუდავს მათი ფუნქციონირების შესაძლებლობებს. არსებული ინფრასტრუქტურა ხშირად მოძველებულია და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც კულტურული ღონისძიებებისა და ინიციატივების წარმატებით განხორციელებას უშლის ხელს. მრავალპროფილური კულტურული ცენტრების ნაკლებობა ართულებს კულტურული ცხოვრების განვითარებას ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში. გაუმართავი პოლიტიკა, რომელიც კინოცენტრსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში მოქმედებს, ქმნის არასტაბილურობას და არაეფექტიანობას, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის კულტურული ცხოვრების ხარისხზე და მთლიანად შემოქმედებით პროცესზე საქართველოში.

ერთიანი ეროვნული გეგმის / ხედვის გაუმართაობა

კულტურის სტრატეგია 2025, რომელიც 2016 წელს არის შემუშავებული არ პასუხობს საქართველოს რეალურ გამოწვევებს კულტურაში. ამასთან, ის ნაწილებიც, რომელიც თითქოს სწორედ არის გაწერილი, მას არ მოჰყოლია შესაბამისი პრაქტიკული მოქმედებები და საეჭვოა ის დარჩენილ ვადებში განხორციელდეს.
ჩვენ გვჭირდება კულტურის სტრატეგია, რომელიც თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთლიად მოდელთან, მის წარსულთან და აწმყოსთან.

ასეთი ხედვის ნაკლებობა და პარტიული ინტერესებით მოქმედება, წარმოქმნის რყევებს და ინიციატივების არათანმიმდევრულობას, რაც ხელს უშლის კულტურის სფეროს სრულფასოვნად ფუნქციონირებას და განვითარებას. ერთიანი ხედვის გარეშე, კულტურული ინიციატივები ხშირად რჩებიან განვითარების ერთ დონეზე  და  ვერ აღწევენ გრძელვადიან წარმატებას.

ახალი კულტურის პოლიტიკის ხედვა

საქართველოს ახალი კულტურის პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული არსებული პრობლემების გადაჭრაზე და კულტურული განვითარების მდგრადი მოდელის შექმნაზე. პირველ რიგში, აუცილებელია კულტურული ინსტიტუციების ავტონომიურობის გამართვა. სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა მუსიკალური ცენტრები და თეატრები, უნდა ფუნქციონირებდნენ პოლიტიკური წნეხისგან თავისუფლად, რაც უზრუნველყოფს მათ შემოქმედებით თავისუფლებას მეტი ეფექტურობისთვის.

არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ახლების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კულტურული ცენტრების აშენება, რომლებიც რეგიონებში კულტურული ცხოვრების განვითარებას შეუწყობენ ხელს. ცენტრები მოქალაქეებს უნდა სთავაზობდნენ მრავლფეროვან პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე ხელოვნების განვითარებას.

დამოუკიდებელი კერძო ინიციატივების ფართო მხარდაჭერა

დამოუკიდებელი კერძო ინიციატივების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია კულტურული ლანდშაფტის მდგრადობისა და მრავალფეროვნებისთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც კერძო ინიციატივებს მისცემს საშუალებას მიიღონ დაფინანსება და სხვა სახის მხარდაჭერა, რაც მათ არსებობასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს უნდა მოიცავდეს საგრანტო პროგრამებს, საგადასახადო შეღავათებს და სხვა ტიპის სტიმულირებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო ინიციატივების წამოწყებას და განვითარებას.

კულტურული ინსტიტუციების ავტონომიურობის გამართვა

კულტურული ინსტიტუტები უნდა იმართებოდნენ დამოუკიდებლად, პროფესიონალების მიერ, პოლიტიკური წნეხისა და ჩარევების გარეშე. ამის მიღწევა შესაძლებელია ინსტიტუტების მმართველობის მოდელის გადახედვით და რეფორმირებით, რაც უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას.

საერთაშორისო თანამშრომლობა

ევროპა

ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, კულტურაშიც საქართველოს, ევროკავშირის ასოცირებულს წევრსა და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, შეუძლია სრული ძალით ჩაერთოს ევროკავშირის პროგრამებში.

საქართველოს კულტურის სექტორის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და ინტეგრაცია საერთაშორისო კულტურულ პლატფორმებთან. ევროკავშირის Creative Europe პროგრამა ამ მიმართულებით უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს კულტურულ ორგანიზაციებსა და ხელოვანებს აძლევს საშუალებას გახდნენ პანევროპული კულტურული ქსელის ნაწილი და ისარგებლონ ფართო სპექტრის თანამშრომლობით ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო და შესაბამისი სამინისტროები უნდა თავადაც უნდა ქმნიდნენ თანამშრომლობის სისტემების შესახებ ახალ ხედვებს და მაქსიმალურად იყენებდნენ არსებულ საერთაშორისო პლატფორმებს ქართული კულტურის განვითარებისთვის. შემოქმედებითი ევროპა – საქართველო უკვე დაფუძნებულია, არსებობს მცირე და საშუალო ზომის თანამშრომლობის პროექტები – თუმცა, საქართველოს და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობის მოცულება მკვეთრად უნდა გაიზარდოს.

პანევროპული თანამშრომლობის შესაძლებლობა საქართველოს კულტურის სექტორისთვის მრავალმხრივია.

1. ფინანსური მხარდაჭერა და დაფინანსება

Creative Europe პროგრამა ქართველ ხელოვანებსა და კულტურულ ორგანიზაციებს სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც საშუალებას აძლევთ მათ განახორციელონ ფართომასშტაბიანი და ინოვაციური პროექტები. პროგრამის მიერ გათვალისწინებული საგრანტო საშუალებები ხელს უწყობს ახალი კულტურული ინიციატივების წამოწყებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების გაზრდას.

2. საერთაშორისო კავშირების დამყარება

პანევროპული თანამშრომლობა ქართველ ხელოვანებსა და კულტურულ ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას დაამყარონ მჭიდრო კავშირები ევროპელ კოლეგებთან. ეს ურთიერთობები ხელს შეუწყობს იდეებისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც ქართული კულტურული პროცესის განუყოფელი ნაწილია დასაბამიდან დღემდე.

3. პროფესიული განვითარების შესაძლებლობები

Creative Europe პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებს. ქართველ ხელოვანებსა და კულტურულ მუშაკებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებში, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული უნარების განვითარებას.

4. კულტურული მრავალფეროვნების და ინოვაციის წახალისება

Creative Europe პროგრამა ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების დაცვასა და ინოვაციის განვითარებას. ქართველ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტებში, რაც განაპირობებს ახალი სახელოვნებო მიდგომების განვითარებას ქართული კულტურის ფარგლებში.

5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია

Creative Europe პროგრამა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას. ქართველ პროფესიონალებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პროექტებში, გააზიარონ თავიანთი გამოცდილება და ისწავლონ ევროპელი კოლეგებისგან. ეს ხელს შეუწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტურ დაცვას და პოპულარიზაციას ევროპასა და მსოფლიოში.

კავკასია

კავკასიის  კულტურული მრავალფეროვნება და საერთო ისტორიული ფესვები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს კულტურული თანამშრომლობისთვის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შორის. კულტურისა და ხელოვნების სფეროში მჭიდრო ურთიერთობები არა მხოლოდ გაამდიდრებს ეროვნულ იდენტობას, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონალურ სტაბილურობას, მშვიდობასა და სოციალურ განვითარებას.

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა

კავკასიის რეგიონში კულტურული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არერთი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ის დაგვეხმარება მეზობელი ქვეყნების კულტურების უკეთ გაცნობასა და ურთიერთპატივისცემის გაღრმავებაში. კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა ფესტივალები, გამოფენები, თეატრალური სპექტაკლები და მუსიკალური კონცერტები, ქმნიან სივრცეს ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისთვის. ეს ხელს უწყობს საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

მეორე მხრივ, კულტურული თანამშრომლობა უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც აძლიერებს კულტურული სექტორის შესაძლებლობებსა და განვითარების პოტენციალს. საერთო პროექტები და ინიციატივები, რომლებიც მოიცავს სამეცნიერო კვლევებს, სახელოვნებო რეზიდენციებს და გაცვლით პროგრამებს, ხელს უწყობს ხელოვანების პროფესიულ განვითარებას და კულტურული სექტორის მდგრადობას.

დეტალური კულტურის პოლიტიკას, სტრატეგიულ ხედვასა და სამოქმედო გეგმას, ჩვენ ყველა ერთად შევქმნით. უკეთესი საქართველო შესაძლებელია

Previous
Previous

ევროკავშირი

Next
Next

ჩინეთი და საქართველო